ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება ინდულგენცია იყოს ჟურნალისტური საქმიანობა, მედიამფლობელობა, ან ნებისმიერი სხვა სფერო. ამით პოლიტიკოსი დავით კეზერაშვილზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს. არ შეიძლება არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანს კონკრეტულ საქმეზე ჰქონდა ბრალი წარდგენილი და სასამართლომ დაადგინა მისი ბრალეულობა და გამოიტანა განაჩენი, ამ შემთხვევაში მედიამფლობელობა და გარკვეული საქმიანობა, არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. „ნაციონალური მოძრაობის“ მედიას ყოველთვის აქვს ამის მცდელობა, რომ თუ ვინმე (იყო ბევრი გვარი - მედიამფლობელები, მოწილეები, თუ ასე შემდეგ), დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან რაიმე ფორმით, არ შეიძლება მის მიმართ გამოტანილი იყოს განაჩენი. კითხვა ისმება - თუ ამ ადამიანს, არ აქვს კონკრეტულ სახელს და გვარს მნიშვნელობა, ჩადენილი აქვს დანაშაული, რატომ არ უნდა მიუსაჯოს სასამართლომ?! ეს არ არის ცივილიზებული სამყაროს მიდგომა არსად, რომ თუ მედიამფლობელია, ესე იგი უნდა იყოს ინდულგენცია. კი, მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველოში არის რაღაცა რუსული და ევროპაში ეს იგივე ამერიკულია, მაგრამ ყველაფერზე ამ თეზისით ხომ არ ვივლით?! ეს ნახევრად ირონიით და ხუმრობით, მაგრამ რეალურად, არ შეიძლება ინდულგენცია იყოს ჟურნალისტური საქმიანობა, მედიამფლობელობა, ან ნებისმიერი სხვა სფერო. ერთ შემთხვევაში, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე მსჯელობს სასამართლო, მეორე შემთხვევაში - ჟურნალისტური საქმიანობა ჟურნალისტური საქმიანობაა და მედიამფლობელობაც“, - განაცხადა მდინარაძემ.
სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კეზერაშვილს სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევროს ანაზღაურების გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.