ქართველი სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ

ქართველი სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ

ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრებმა წელს, პირველად იასპარეზა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობდა. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, წელს მათ საქართველოს შსს-ს თანამშრომლებიც შეურთდნენ.

ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით წარსდგა, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქართველი პოლიციელები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სპორტის 7 სახეობაში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა – ასპარეზობდნენ.

შს სამინისტრო მომავალში „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ზე სპორტის უფრო მეტ სახეობაში მონაწილეობას გეგმავს.

ოქროს მედალოსნები: ედუარდ იმერლიშვილი - კრივი, ზვიად ჩინჩალაძე - ძიუდო, ნოდარ მჭედლიშვილი – ძიუდო, ზაზა გულაშვილი –ძიუდო, გიორგი ბოლოთაშვილი – ძიუდო, იოსებ ხუციშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, , თენგიზ ედილაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძე - მკლავჭიდი (2 მედალი), ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი);

ვერცხლის მედალოსნები: გიორგი ბერძენიშვილი - ცურვა (კროლი), უშანგი კუზანაშვილი - ძიუდო, ვასილ მინდორაშვილი -ძალოსნობა;

ბრინჯაოს მედალოსნები: ავთო მამალაძე - ძალოსნობა, გელა გელაშვილი -მკლავჭიდი;