როგორი პოპულარულია გიორგი ქინქლაძე ინგლისში და რანაირადღა აღარ გამოხატავენ მის სიყვარულს „სიტის“ მანჩესტერელი ქომაგები, ამის მეტი რა გვიწერია. მანჩესტერელებს არც ჩვენებური, კერძოდ, თელაველი ქომაგები ჩამორჩებიან და...
თელაველებს ქინქლაძის სახელობის გულშემატკივართა კლუბი „ქინქიც“ ჩამოუყალიბებიათ, ამავე სახელწოდების თეატრიც და მომღერალ გოგონათა ანსამბლიც.
არც ეს უკმარიათ და, ამ ყოველივესთვის კინოკლუბი „ქინქი“ და, ისე როგორ იქნებოდა, ბავშვთა საფეხბურთო გუნდი „ქინქიც“ დაუმატებიათ.
ივნისში დაგეგმილი აქვთ შეხვედრა გიოსთან და ერთი სული აქვთ, როდის ჩაუვათ ქინქი თელავში. „ქინქ“-კლუბის, თეატრის, ანსამბლისა და ფეხბურთის გუნდის შექმნა იმიტომაც არის სასიკეთო, რომ ესენი კახეთის რაიონებში დადიან, აწყობენ ამხანაგურ შეხვედრებს, დგამენ სპექტაკლებს და ატარებენ კონცერტებს.
ამ ყველაფრის მიზანი რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაცია და ამ სახეობაში სულ უფრო და უფრო მეტი მოზარდის მოზიდვა გახლავთ. ველისციხეში, ქისტაურში და გულგულაში გამართულმა ამგვარმა ბურთაობა-სპექტაკლ-კონცერტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და აკი არც მაყურებელი აკლდა. ერთი სიტყვით, რაღა მანჩესტერი და რაღა თელავი.