მიხეილ სარჯველაძე: ​ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა სათანადოდ იყოს პასუხგაცემული

მიხეილ სარჯველაძე: ​ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა სათანადოდ იყოს პასუხგაცემული

​ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს [ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა] იყოს სათანადოდ პასუხგაცემული, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ქვეყანა ევროპის მიმართულებით მოძრაობს და, ბუნებრივია, რომ ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია.

„მე მგონია, რომ თავი და თავი პრობლემებისა, რომლებზეც ვსაუბრობთ, არის ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს დგას და რა პოზიციის გამოხატვას ისახავს მიზნად - რადიკალური ფორმები საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ თვალსაზრისით, სამართლის ფუნქცია არის აღკვეთოს ყოველგვარი ასეთი მცდელობა და გამოხატულება. პირადად ჩემთვის, გამოხატვის ის ფორმა, რაც ვიხილეთ დღეს და ის ფორმა, რაც რამდენიმე დღით ადრე ვნახეთ - მაგალითად, შტურმი პარლამენტზე, თვისობრივად ერთი და იგივეა. ეს არის მოვლენების რადიკალიზაცია, მცდელობა, რომ ემოციები იკავებდნენ იმ ადგილს, სადაც სინამდვილეში უნდა იყოს დისკუსია, მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რამდენიმე საათში კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.