არავის აქვს უფლება, საზოგადოებას შესთავაზოს გამოხატვის რადიკალური ფორმა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულება და მათ წაართმევ შესაძლებლობას, დისკუსია იქონიონ, ბუნებრივია, იქ რადიკალური ფორმითვე მოხდება დაპირისპირება.
„იმ მომენტიდანვე, როდესაც ეს ემოციური დისკუსიები დაიწყო, მმართველი გუნდი იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოუწოდებდა ყველას პროცესის ნორმალიზებისკენ და ამ საკითხზე დისკუსიის წარმართვისკენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სივრცეს, რომელიც უნდა იყოს გაჯერებული არგუმენტებზე მსჯელობით, აცარიელებს შიშველი ემოცია, რომელიც არის ხშირ შემთხვევაში მართული ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერი მიზნებით. როდესაც ამას ითხოვდა, დიახ, რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს რადიკალიზაციას. როდესაც ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულება, და მათ წაართმევ შესაძლებლობას, დისკუსია იქონიონ, ბუნებრივია, იქ რადიკალური ფორმითვე მოხდება დაპირისპირება. ამიტომ არ არის სწორი რადიკალიზაციის არცერთი ფორმა. 2020 წლიდან მოყოლებული და მანამდეც არაერთი მცდელობა იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები, მაგალითად, ჯაფარიძე რადიკალურ ფორმებს მიმართავდა - ახლა რა უნდა თქვას კანონმდებელმა, კანონმა, სამართალმა - ჯაფარიძის რადიკალიზაცია კარგია და სხვისი არაა კარგი? ამიტომ სრულიად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლოა ამ თვალსაზრისით ასეთი ტიპის რიტორიკა, განცხადებები, ქმედებები. ეს ახალისებს საწინააღმდეგო მოსაზრებებს და ანალოგიურ ქცევებს, გამოხატვის ამ ფორმებს - არავის აქვს უფლება, საზოგადოებას შესთავაზოს გამოხატვის რადიკალური ფორმა“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რამდენიმე საათში კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.