სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არ უარყოფს, რომ აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილის მხრიდან სამართალდარღვევებს ჰქონდა ადგილი. როგორც მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, როდესაც თქვა, რომ 7 მარტის აქციაზე პარლამენტთან, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა ნაადრევად დაიწყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილის მიერ სამართალდარღვევებს არ ჰქონდა ადგილი.
„საპირისპირო ფაქტები არის ძალიან ბევრი. მთავარი ფაქტი არის ის, რომ როდესაც დაიწყო გაფრთხილება [აქციის მონაწილეების], იმ დროისთვის აქცია იყო მშვიდობიანი. თუ ცალკეული პიროვნებები იყვნენ სამართალდამრღვევები, მათ მიმართ უნდა გამოყენებულიყო ინდივიდუალური მიდგომა. ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ დაპატიმრებულნი და დანარჩენ აქციაზე არ უნდა ყოფილიყო მიმართული საპოლიციო ღონისძიება. ამაზეა საუბარი. არავინ ამბობს, რომ იქ [აქციაზე] პოლიციის მიმართ ვინმეს რაიმე არ უსვრია, ან არ გამოუყენებია ძალა, ამას ხომ არავინ ამტკიცებს?! აქ საუბარია პოლიციის მოქმედებაზე და მისი მოქმედების ჩარჩოზე. უამრავი ადამიანი იყო დაკავებული, ვისაც ვესაუბრე, აქციაზე მშვიდობიანად იყო მისული. ერთი ადამიანი საერთოდ სახლში მიდიოდა და ისე დააკავეს. აქციასთან კავშირი არ ჰქონდა. ადამიანების დაკავება საერთოდ ამოვარდნილი იყო შემდეგ კონტექსტიდან. ამის ვიდეომტკიცებულებები არსებობს“, - განაცხადა იოსელიანმა.