ასტრონომებმა აღმოაჩინეს ასტეროიდი, სახელად 2023 DW, რომელიც შესაძლოა, დედამიწას 2046 წელს შეეჯახოს. მეცნიერთა გამოთვლებით, მსგავსი კატასტროფის შანსი ძალზე მცირეა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) ავრცელებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ კოსმოსურ სხეულზე მეტი მონაცემის მოპოვების პარალელურად, დიდი ალბათობით, რიკის მაჩვენებელი შემცირდება.
მეცნიერთა მიერ 27 თებერვალს დაფიქსირებული ასტეროიდი დაახლოებით 50 მეტრი დიამეტრისაა. ის ჩვენს პლანეტას ყველაზე მცირე დისტანციაზე, სავარაუდოდ, 2046 წლის 14 თებერვალს მოუახლოვდება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს გამოთვლებით, შეჯახების შანსი 625-ში 1-ია, მაგრამ ეს ინფორმაცია ცვლილებას ექვემდებარება.
"ახალი ობიექტების აღმოჩენისას ხშირად რამდენიმე კვირაა საჭირო, რათა უზუსტობები შემცირდეს და მათი მომავალი ორბიტის პროგნოზირება ადეკვატურად მოხერხდეს. 2023 DW-ისთვის თვალის მისადევნებლად და პროგნოზების გასაახლებლად, დამატებითი მონაცემების მიღების პარალელურად, ორბიტის ანალიზი გაგრძელდება", — ვკითხულობთ NASA Asteroid Watch-ის პოსტში.
რაც არ უნდა იყოს, ამ ზომის ასტეროიდთან შეჯახება დედამიწას ისეთ ზიანს ვერ მიაყენებს, როგორიც დინოზავრების გამანადგურებელმა, თითქმის 12-კილომეტრიანმა ობიექტმა 66 მილიონი წლის წინ შეძლო. შედარებისთვის, 2023 DW-ზე ნახევარჯერ პატარა ჩელიაბინსკის მეტეორი 2013 წელს რუსეთის თავზე აფეთქდა და ძლიერი ტალღები წარმოქმნა, რამაც ფანჯრების მინები ჩაამსხვრია და 1500-მდე ადამიანი დაასახიჩრა.
უნდა ითქვას ისიც, რომ მეცნიერები ასტეროიდებისგან თავდაცვის ტექნოლოგიებზე მუშაობენ, რისი მაგალითიც DART-ის წარმატებული მისიაა. მათ ასტრონომიულ სხეულს კოსმოსური ხომალდი მიზანმიმართულად შეაჯახეს და მას ტრაექტორია შეუცვალეს.