Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ტეხასის შტატში საკუთარი ქალაქის აშენებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ეს იქნება მდინარე კოლორადოს ნაპირზე მდებარე ქალაქი, რომელშიც მასკის საკუთრებაში არსებული კომპანიების თანამშრომლები იცხოვრებენ და იმუშავებენ.
ქალაქის სახელწოდება სნეილბრუქი (Snailbrook) იქნება. ქალაქის მახლობლად უკვე შენდება კომპანია Boring-ისა და SpaceX-ის ობიექტები. ქალაქის გეგმაში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, ღია სპორტული მოედანი და სავარჯიშო დარბაზი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია კერძო საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა თავად ილონ მასკისთვის, რომელიც ქალაქიდან ცოტათი მოშორებით აშენდება.
ტეხასის კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსის მისაღებად ქალაქში სულ მცირე 201 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს.