აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარში 14 მილიონი წლის განმავლობაში ჩამარხული ქანები და მთები მთელ პლანეტაზე ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ადგილებს შორისაა. მეცნიერთა ახალი კვლევის მეშვეობით კი მათ წარმოშობის შესახებ მეტის გაგების საშუალება მოგვეცა.
"ეს მთები იმაზე ბევრად იზოლირებულია, ვიდრე ევერესტი ან ოკეანის უღრმესი რეგიონები", — ამბობენ ავტორები.
მათ აღნიშნული ადგილი ნიმუშთა კვლევისა და რადიომეტრული დათარიღების ინოვაციური მეთოდების დახმარებით შეისწავლეს, რათა მისი ტექტონიკური საიდუმლო ამოეხსნათ. ამისთვის, სპეციალისტებმა 1-2 მილიარდი წლის წინანდელი გრანიტის ქანები გააანალიზეს, რომელთა მაგვარი სიძველის ქვებიც ანტარქტიდაზე არ აღმოუჩენიათ.
ისინი, დიდი ალბათობით, ყინულის საფარის ქვეშაა წარმოქმნილი და გამბურცევის მთებს უნდა უკავშირდებოდეს. ეს უკანასკნელი მეცნიერებისთვის ინტერესის განსაკუთრებული ობიექტია, რადგან მთლიანად ყინულითაა დაფარული და მისი შემადგენლობა დაზუსტებული არაა.
ვიცით, რომ მთების ფორმირებისას, ისინი ზემოთ იწევს და შემაღლებულ ტოპოგრაფიას ქმნის. ეროზიის შედეგად ქანები ზედაპირზე შიშვლდება და ამ პროცესში ცივდება. ტემპერატურის კლების ტემპის გამოთვლით, რასაც თერმოქრონოლოგია ეწოდება, შესაძლებელია დადგინდეს, გეოლოგიური წარსულის რა ეტაპზე გაჩნდა ისინი.
სწორედ ამ მეთოდს მიმართეს მეცნიერებმა და აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე ყინულქვეშა ტექტონიკური პროცესებით პროვოცირებული სწრაფი გაცივების სამი მნიშვნელოვანი პერიოდი გამოავლინეს. პირველად, დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ, ორი კონტინენტის შეჯახებამ სუპერკონტინენტ გონდვანას გაჩენას დაუდო საფუძველი. 180 მილიონი წლის წინ მან დანაწევრება დაიწყო, ხოლო 100 მილიონი წლის წინ აღმოსავლეთ და დასავლეთ ანტარქტიდას შორის განლაგებული შემაღლებული პლატო კოლაფსირდა, რამაც ნაპრალების სისტემა წარმოშვა.