ახლაც მტკივა — კრის როკი უილ სმიტის მიერ გარტყმულ სილაზე ალაპარაკდა

ახლაც მტკივა — კრის როკი უილ სმიტის მიერ გარტყმულ სილაზე ალაპარაკდა

2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოს დღემდე თავისი სკანდალურობით ახსოვს — კომიკოსმა და მსახიობმა კრის როკმა ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რის გამოც ჯეიდას ქმარი, მსახიობი უილ სმიტი, სცენაზე აიჭრა და კრისს სახეში გაარტყა.

"ხალხი მეკითხება — 'გეტკინა?', ახლაც მტკივა," — იხუმრა კომიკოსმა ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტზე თავის სთენდაფ შოუში Selective Outrage.

"უილ სმიტი შერჩევით განრისხებას მიმართავს. ყველამ იცის, რაც მოხდა. ყველამ იცის, მე არაფერ შუაში ვიყავი. მე არ ვიყავი გახლართული იმ ამბავში," — განაცხადა კომიკოსმა. კრის როკმა ჯეიდა პინკეტ სმიტის რომანტიკული ურთიერთობა იგულისხმა რეპერ ოგასტ ალსინასთან, იმ პერიოდში, როცა ჯეადა და უილი ქორწინებაში იმყოფებოდნენ. გადაცემაში Red Table Talk ჯეიდამ ამ ურთიერთობის შესახებ უილ სმიტსაც გულახდილად მოუყვა.

"უილის ცოლი მისი შვილის მეგობართან იწვა. ამაზე არ ვისაუბრებდი, მაგრამ თვითონვე გააგებინეს მთელ ინტერნეტს. არ მესმის, ორმა ნიჭიერმა ადამიანმა ასეთი სისულელე რატომ ჩაიდინა."

"ყველასთვის უღალატიათ, თუმცა გადაცემაში არც ერთი ჩვენგანისთვის არ ჩამოურთმევია ინტერვიუ იმ ადამიანს, რომელმაც გვიღალატა. ჯეიდამ უფრო ატკინა უილს, ვიდრე უილმა მე მატკინა."

კრის როკის სთენდაფის სახელი Selective Outrage ანუ შერჩევითი განრისხება, კომიკოსის თქმით, სწორედ უილ სმიტითაა შთაგონებული. სთენდაფის დასასრულს კრისმა იმაზეც იხუმრა, თუ რატომ არ უპასუხა უილ სმიტს დარტყმაზე დარტყმით.

"მე მშობლები მყავს. მათ სწორად აღმზარდეს. და იცით, რა მასწავლეს მშობლებმა? 'თეთრკანიანების წინაშე ნუ იჩხუბებ'."