თავდაცვის მინისტრის კომენტარი მედვედევის ინტერვიუზე (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის კომენტარი მედვედევის ინტერვიუზე (ვიდეო)

ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან დიმიტრი მედვედევის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა: „ჩემი აზრით ზედმეტი ემოციური აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში პრემიერ მედვედევის ამ განცხადებებმა. მასში სიახლე მე ვერაფერში ამოვიკითხე. დიპლომატიური ბრძოლის ხაზი გადიოდა გაეროში, იქ სადაც მე ვმუშაობდი ხუთი წლის წინ და ზუსტად ასეთივე რიტორიკა იყო მაშინ. უნდოდათ საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია. აღმოჩნდა რომ რუსეთი მოექცა საერთაშორისო იზოლაციაში. ჩაუვარდათ მთლიანად აღიარების პოლიტიკა.

ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა გვერდით უდგას საქართველოს, იზიარებს ჩვენს და არა რუსეთის პოზიციას. აქედან გამომდინარე, სიახლე მათ განცხადებებში, მათ პოლიტიკაში ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, მე ვიზიარემ იმ პოზიციას, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა მცდელობა, რათა მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება, პირველ რიგში სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით.

რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ჩვენი კონფლიქტი ალბათ მტკივნეულად კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენ ორ ქვეყანას შორის, უდიდეს პრობლემად, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ მივა იმ დასკვნამდე, რომ მათ მოუწევთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და საკროზის შეთანხმების ბოლომდე შესრულება, ვიდრე არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას საოკუპაციო ჯარები.

თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალები რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ განვითარებას, ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს. მე ვიტყოდი, რომ ქართველი სამხედროები, ვინც მსახურობს ავღანეთში, უკვე არიან ნატოს სტანდარტებთან მიახლოვებული. ისინი პრაქტიკულად ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებივით იქცევიან. აქედან გამომდინარე, ვერანაირი განცხადება ჩვენს სწრაფვას და პრაქტიკულ დაახლოებას ნატოსთან და საბოლოო ჯამში გაწევრიანებას წინ ვერ დაუდგება.

ჩვენ რა თქმა უნდა ღია ვართ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და მათ წარმომადგენლებთან მოლაპარაკეკებისათვის. ჩვენ გვინდა მათთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება. აღდგება ადამიანური კავშირები. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, რაც უკავშირდება საზღვარს და სხვა სახელმწიფოებრივი ნიშნების შემცველ საკითხებს, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ეს პრობლემები ჟენევის ფორმატში განიხილება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.“