დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მეუღლესთან ერთად 2008 წელს დაღუპული გმირი სამხედროების ოჯახის წევრებს უმასპინძლა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა. სპეციალურად ბავშვებისთვის „ბომბორაში“ გასართობი პროგრამა მოეწყო. დაღუპული გმირების შვილებს ირაკლი ალასანიამ სიმბოლური მედლები "მამაჩემი გმირია" გადასცა. ბავშვებს ასევე დაურიგდათ საჩუქრები. საქართველოს თავდცავის მინიტრის ინიციატივით დაღუპულთა ოჯახებმა დაბა აბასთუმანში დასასვენებელი საგზურები მიიღეს.
ირაკლი ალასანიამ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა დაღუპული გმირი სამხედროები და სახელმწიფოს მხრიდან მათი შვილების მომავალზე ზრუნვის აუცილებლობაზე ისაუბრა:“დღეს ჩვენ ვიხსენებთ არა მარტო დაღუპულ გმირებს, არამედ ვიხდით ვალს მათი ოჯახების წინაშე. ჩვენი ვალია მათ შეუქმნათ ის გარემო, სადაც გაიზრდებიან ღირსეული ქვეყნის შვილები. მათ განათლებაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ზრუნვა სახელმწიფოს და საზოგადოების მოვალეობაა. სწორედ დღეს მხვდა წილად ბედნიერება, რომ ამ ბავშვებთან გამეტარებინა რამდენიმე საათი.
მინდა ვუთხრა მთელს საქართველოს, რომ ამ ბავშვებს ყავდათ გმირი მამები და ძალიან მაღალი მეტრი და სტანდარტი აქვთ დაწესებული, რომ თვითონაც საკუთარ ცხოვრებაში სწორედ ასეთი ღირსეული, ჭეშმარიტად ქართული ცხოვრებით იცხოვრონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ასეთი ღირსეული პირობები შევუქმნათ. ჩვენ ასევე, დაგეგმილი გვაქვს მათი დასვენება კურორტებზე. მათი უმაღლესი განათლების ხარჯებსაც სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ემსგავსება ღირსეულ, ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც ზრუნავს საკუთარი გმირების ოჯახებზე და შვილებზე.“