საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაური იმყოფება. გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მიხეილ დარჩიაშვილთან.
მხარეებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის და დანიის სამეფოს შიდა გვარდიის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა ასევე, შეხვედრა გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან. დღესვე სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა და საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა ლევან გამყრელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
გენერალი ვინკლერი ქართველმა კოლეგამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მედლით დააჯილდოვა. ლევან გამყრელიძეს კი დანიურმა მხარემ დანიის სამეფოს შიდა გვარდიის სპეციალური ჯილდო გადასცა.
სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში გენერალი ვინკლერი ხვალ სენაკში ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის ბაზას, 9 აგვისტოს კი ბაზა „პალდოზე“ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ეწვევა.
აღნიშნულ ბაზებზე 4 აგვისტოდან პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამა ხორციელდება, რომლის ჩატარებასაც დანიის სამეფო და ესტონეთის თავდაცვის ლიგა უზრუნველყოფს.