ოპოზიციას არც პრეზიდენტ სააკაშვილის ახალი ეკონომიკური ინიციატივისა სჯერა და არც იმის, რომ მისი პრეზიდენტობისას ნატო-ს მივუახლოვდებით. ოპოზიციას პესიმისტური პროგნოზის საფუძველს ტალიავინის დასკვნა აძლევს. თუმც, ხელისუფლებას უკეთესი მომავლის იმედი არ დაუკარგავს. ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის პესიმისტებისთვის გაცემული პასუხი კი მარტივია, - "ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ".
ბატონო გიორგი, ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნება თითქოს ათვლის ახალი წერტილი გახდა საქართველოსათვის. ბევრი სვამს კითხვას, - რა იქნება ამის შემდეგ?
- რადიკალურად არაფერი შეიცვლება. თუმც ჩვენ მოგვემატა არგუმენტი საქართველოს ინტერესების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისათვის. ამ კომისიას არც ვინმე დაუდანაშაულებია და არც დასკვნები გაუკეთებია, მან ფაქტები დაადგინა. თუმც საკითხავია, როგორი შეფასებები გააკეთა კომისიამ იმ ფაქტების საფუძველზე, რაც დოკუმენტშია აღწერილი.
შარშან, 7-8 აგვისტომდე რაც საქართველოში ხდებოდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს ინტერვენცია, მაგრამ კომისიამ ამის ამსახველ ფაქტებს ინტერვენცია არ დაარქვა. იმიტომ, რომ რუსეთს ასე ადვილად ვერ ადებენ ხელს, მაგრამ რაზეც დაადეს ხელი და რაც მასზე თქვეს, ისიც მნიშვნელოვანია. ყველა საერთაშორისო ფორუმზე ვაცხადებდით, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთი სამშვიდობო მისიას არ ასრულებდა და რეალურად სეპარატისტებს ეხმარებოდა, მაგრამ აქამდე ამას არავინ აღიარებდა. ტალიავინის დასკვნაში კი პირველად ჩაიწერა ეს. მეორე მხრივ, ტალიავინის კომისია მოერიდა რუსული ჯარის ოკუპანტად გამოცხადებას, მაგრამ დასკვნაში ჩაიწერა, რომ რუსეთი არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას და უკანონოდ იმყოფება აქ.
რა ჰქვია სადმე ჯარების უკანონოდ ყოფნას, თუ არა ოკუპაცია? ასე რომ, ტალიავინის კომისიამ ბოლომდე სიმართლის თქმა ვერ შეძლო. რუსებმა თავიანთ შენაერთებს სხვადასხვა სახელი და ფუნქციები მიანიჭეს. შენაერთების ნაწილი მოხალისეებად ან დაქირავებულებად გამოცხადდა და მათ ეთნიკური წმენდის ჩატარება დაევალათ, აქაოდა, ამ დანაშაულში რუსულ რეგულარულ ჯარს მონაწილეობა არ მიუღიაო, მაგრამ ბოდიში და, ვინ ჭამს ამას?!
რატომ ვისროლეთ 7 აგვისტოს? კომისიის დასკვნაში ამის თაობაზე გარკვევით წერია. ისიც წერია, 7 აგვისტოს ჩვენი მონაცემებით საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა სამხედრო მოქმედებასო. თუ დღისით არ ვაპირებდით, ღამით რატომ გადავირიეთ? იმიტომ, რომ ქართული სოფლები მძიმე არტილერიით მიზანმიმართულად იბომბებოდა.
მთავარი იყო, რაღაც გვეღონა, თორემ განა არ ვიცოდით, რა ძალასთან მოგვიწევდა შეჯახება? ნეტავ მაშინ რას იტყოდნენ ზოგიერთები, საქართველოს ხელისუფლებას რომ არ ეპასუხა ქართული სოფლების დაბომბვაზე? გულზე ხელები რომ დაგვეკრიფა და გვეძახა, გვიშველეთო, ვინ გვიშველიდა? წინააღმდეგობა რომ არ გაგვეწია, ორ დღეში რუსები თბილისში შემოჯლიგინდებოდნენ. კი, იტყოდა მთელი მსოფლიო, რა ცუდი ფაქტი მოხდაო და რუსეთს დაგმობდნენ, მაგრამ მათი დაგმობა მოგვფხანდა გულს?
ომის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდა, თავად ტალიავინიც ამბობს, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო საერთაშორისო საზოგადოებრიობას დროულად მიექცია ყურადღება იმ პროვოკაციებისათვის, რასაც რუსეთი გვიწყობდა ბოლო თვეებში. რუსეთი რომ აგრესიას აპირებდა, წინასწარ რამდენჯერ ვთქვით. ამის თაობაზე პრეზიდენტმა გაეროშიც განაცხადა. ბევრი ვიყვირეთ, მგელი, მგელიო, მაგრამ არავინ გვიშველა, რადგან საქმე რუსეთს ეხებოდა.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრება პოსტსააკაშვილისეულ ეპოქაში მოხდება.
- ეს მათი სურვილია და არა რეალობა. Mმოდი, ფაქტებს შევხედოთ. ომის შემდგომ შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია. ნატო-საქართველოს კომიიის შექმნის შემდეგ ჩვენ მივიღეთ წლიური სამოქმედო პროგრამა, რომელიც მაპ-ის (გაწევრების სამოქმედო გეგმის) მიღების წინა პირობაა. ეს გვაძლევს საშუალებას, გავაგრძელოთ რეფორმები ჩვენი სტრუქტურების ნატო-ს სტანდარტებამდე ასაყვანად. მოკლედ რომ ვთქვათ, წლიურ სამოქმედო გეგმას დამატებული ნატო-საქართველოს კომისია მეტია, ვიდრე მაპ-ი. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა რობერტ სიმონსმა რამდენიმე დღის წინ საქართველოში ყოფნისას განაცხადა, - შესაძლოა, საქართველოს აღარც დასჭირდეს მაპ-ი. ამაზე უკვე კონსულტაციები მიმდინარეობსო და თუ ასე მოხდა, საქართველოს ნატო-ში გაწევრების საკითხის განხილვა დაიწყება. ანუ ომის შემდეგ უკან დავიხიეთ თუ წინ წავედით? ვისაც არ უნდა დანახვა, ის ამ წარმატებასაც ვერ დაინახავს.
მავნებლობაა, როდესაც შენს ქვეყანას დაადანაშაულებ იმის გამო, რომ ცდილობს, მონსტრისაგან დაიცვას თავი. ასეთ დროს საკუთარი ქვეყნის ძაგებას რომ დაიწყებ, რა ჰქვია ამას?
ოპოზიცია აცხადებს, სააკაშვილი და საქართველო ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთო.
- როდესაც შენი ქვეყნის ხელისუფალს ადანაშაულებ, შენს ქვეყანას ადანაშაულებ. ქვეყნის შიგნით დებატებისას ხელისუფლება საქართველო არ არის, მაგრამ ქვეყნის გარეთ პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს. როდესაც რუსეთი გეომება, შენი ქვეყნის პრეზიდენტის ძაგება და დადანაშაულება ქვეყნის დადანაშაულებაა, რადგანაც საერთაშორისო ასპარეზზე პრეზიდენტსა და ქვეყანას არავინ ყოფს.
ოპოზიციაში ნინო ბურჯანაძის ინიციატივით შეურიგებელთა კოალიცია იქმნება (რომელიც გამორიცხავს ხელისუფლებასთან დიალოგსა და არჩევნებში მონაწილეობას), რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილიც შეუერთდა.
- ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ოქრუაშვილს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. მიკვირს, როდესაც ქალბატონი ნინო ამბობს, შეურიგებლები იმიტომ გავხდით მე და ოქრუაშვილი, რომ სხვებზე უკეთ ვიცნობთ მიშასო. კარგად მახსოვს, განრისხებული ნინო ბურჯანაძე, როდესაც ოქრუაშვილის წყალობით უბედურებაში ამოვყავით თავი. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობდა, ახალ წელს ცხინვალში შევხვდებიო. ამით კი დაუფარავად აცხადებდა, ცხინვალში შევიჭრებიო. სწორედ ნინო ბურჯანაძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გმობდა ოქრუაშვილის ასეთ განცხადებებს. ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ დაბომბვისა და შემოჭრის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და გვერდით უდგას ისეთ კაცს, რომელიც ამას მშვიდობიანობის დროს აკეთებდა. რუსეთთან ურთიერთობა სწორედ ოქრუაშვილის დროს ცხინვალში შეჭრით გამწვავდა. სწორედ მისი ინიციატივით აირია იქ ვითარება.
არ მიკვირს რადიკალური ოპოზიციის მწვავე განცხადებები. ეს მეთოდია ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად. მაშინ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ტემპერატურის აწევა მხოლოდ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა წისქვილზე დაასხამს წყალს. საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა რუსეთს აძლევს ხელს. საბედნიეროდ, რადიკალურ ძალებს ყველა გამოკითხვით მოსახლეობის მინიმალური მხარდაჭერა აქვთ. მიუხედავად გარე საფრთხეებისა, რადიკალური ძალები პოლიტიკურად ვერაფერს მიაღწევენ.
საგარეო საქმეთა ექსმინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილი ხელისუფლების გახანგრძლივებას გუანტანამოს ტყვეების მიღებითა და ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაგზავნით ცდილობს.
- სალომე ზურაბიშვილისაგან ასეთი განცხადებები აღარ მიკვირს. ეს ბრალდება წითელუბნის ინციდენტის ბრალდებებთან შედარებით მზესუმზირის კვნეტაა. დიახაც, გვინდა, დასავლეთმა დაინახოს, რომ საქართველოს მხოლოდ ლხინში კი არა, ჭირშიც უნდა მათთან დგომა. რა მეგობრობაა, როდესაც ამბობ, როცა მიჭირს, დამეხმარე და როცა შენ გაგიჭირდება, დახმარება არ მთხოვოო. ესაა სალომე ზურაბიშვილისეული პარტნიორობა? გამოდის, მილიარდები უნდა მივიღოთ დასავლეთიდან, ის გვერდით უნდა დაგვიდგეს გაჭირვებისას და ჩვენ თავი არ შევიწუხოთ? ასეთი ქარაფშუტული პოლიტიკის გზით ჩვენ ვერ ვივლით. რომ არა დასავლეთი, რუსეთი დიდი ხნის წინ გადაგვივლიდა.
საქართველო არის ოკუპირებული, საქართველოში არის სიღარიბე, უმუშევრობა და ეს ჩვენი მთავარი პრობლემებია.
გახმაურებული ეკონომიკური ინიციატივაც ემსახურება იმას, რომ დღევანდელმა ინვესტორმა და იმ ბიზნესმენმა, რომელიც ჭოჭმანობს, განახორციელოს თუ არა საქართველოში ინვესტიცია, დაინახოს, რომ ეს ქვეყანა ლიბერალურ ეკონომიკას მომავალშიც შეინარჩუნებს და მომავალშიც ექნება ბიზნესის კეთების საშუალება.
არ ვამბობ, ხელისუფლება ყველაფერს უშეცდომოდ და კარგად აკეთებს-მეთქი. მაგრამ მე მჯერა წარმატების. ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ და გვაცალეთ, ბატონო!