ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, ან ასე ვთქვათ, იარლიყების დაწებება, რეალურად ამ კანონპროექტის მიზანი არ არის. კანონპროექტის მიზანი მოქალაქეების ინფორმირებულობაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან მიერ ინიცირებული კანონპროექტების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა.
„არავის გაშავება და შეურაცხყოფის მიყენება ამ კანონპროექტის მიზანი ნამდვილად არ ყოფილა და არც არის. იმიტომ კი არ აამოქმედებს სახელმწიფო, რომ ვინმე შავ ან თეთრ სიაში მოაყოლოს და ასე შემდეგ, ფუნქცია ამ კანონპროექტის არის, რომ მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებული. ჩემთვის მაგალითად, რომელიმე ნორმალური და კარგი ქვეყნიდან წამოსული დაფინანსება, პირიქით, შეიძლება იყოს უკეთეს ხარისხზე მიმანიშნებელი.
კანონპროექტის იდეა რაც არის, ეს წარდგენისას აიხსნა. ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, ან ასე ვთქვათ, იარლიყების დაწებება, რეალურად ამ კანონპროექტის მიზანი არ არის. კანონპროექტის მიზანი მოქალაქეების ინფორმირებულობაა. ამით უნდა დავიწყოთ და დავამთავროთ პირველ მოსმენაზე“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, შეუძლებელია, კანონპროექტის მიღებამ გავლენა მოახდინოს საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
22 თებერვალს კი „ხალხის ძალამ“ კანონპროექის ალტერნატიული ვერსია - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.