ხათუნა სამნიძე „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე: პირველი მოსმენაც კი არ უნდა იყოს შესაძლებელი და უნდა დავანახოთ „ქართულ ოცნებას“ ყველას რეაქცია

ხათუნა სამნიძე „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე: პირველი მოსმენაც კი არ უნდა იყოს შესაძლებელი და უნდა დავანახოთ „ქართულ ოცნებას“ ყველას რეაქცია

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე „უცხოური გავლენის“ თაობაზე პარლამენტში კანონპროექტის რეგისტრირებას ეხმიანება.

„პირველი მოსმენაც კი არ უნდა იყოს შესაძლებელი და უნდა დავანახოთ „ქართულ ოცნებას“ ყველას რეაქცია, არა მხოლოდ ოპოზიციის რეაქცია, მთელი საზოგადოების რეაქცია, სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია, საერთაშორისო მეგობრების რეაქცია იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის დამანგრეველი ინიციატივა, რითაც იხლიჩება მთელი საზოგადოება ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

დღეიდან პარლამენტში "ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა იწყება. დეპუტატებს საშუალება ექნებათ პროექტების შინაარსს დეტალურად გაეცნონ და არჩევანი გააკეთონ.