ჩვენს უწყებას არაფერი აქვს დასამალი, პირიქით ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ნებისმიერი ფორმით. მზად ვართ ნებისმიერ დაინტერსებულ პირთან შესახვედრად, ბუნებრივია, კონსტრუქციულ ვითარებაში, სადაც მოსმენილი იქნება არგუმენტები და შესაძლებელი იქნება, რომ ინფორმაცია იყოს გაზიარებული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას.
„ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილი] პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს საზოგადოებასთან, გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და ვაწვდით ინფორმაციას. ამას ვამბობ ხაზგასმით, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით, გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგალითად დღესაც იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი იყო რამდენიმე აქტივისტი რადიკალური ოპოზიციიდან, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოითხოვდნენ წამების შეჩერებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას, კერძოდ პატიმრის“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.