რატი ბრეგაძე: გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე, მეგონა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ

რატი ბრეგაძე: გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე, მეგონა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ ელჩებთან შეხვედრის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

„გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის და შვედეთის ელჩებთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში. კერძოდ, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ მათ ასევე გავაცანით ინფორმაცია, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მკურნალობის მიზნით. ეს იყო შეხვედრის ძირითადი პათოსი. იყო რა თქმა უნდა ასევე სხვა საკითხებზე საუბრიც, თუმცა ამაზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან გვქონდა ასეთი სახის შეთანხმება, მათ შორის ელჩებთან, რომ დეტალურ-შინაარსობრივ საკითხებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ და ამაზე გააკეთა მათ შორის, ევროკავშირის ელჩმა განცხადება, რომ გვქონდა ვრცელი და გულწრფელი საუბარი ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ყოფილა საუბარი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ან ამ შეხვედრაზე, ან წერილობით მიწოდებულ დოკუმენტში, მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა.

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა. მედიის მხრიდან იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან იყო დაყენებული მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანაზე, მერე თითქოსდა გაისმა ისეთი ლოზუნგი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ, ამის შესახებ საკმაოდ კორექტული ფორმით ვახსენე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელებული სამი ინფორმაცია იყო სიმართლესთან შეუსაბამო. გამოვხატე პატივისცემა მედიის თავისუფლების მიმართ, თუმცა ავღნიშნე, რომ საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული. მე შეგნებულად არ გამოვიყენე გუშინ სიტყვა „ტყუილი“ და ვიფიქრე, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ და მათ მაინც არ დააბრალებდნენ მსგავს რამეს, კერძოდ იმას, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ. მოგვიანებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს შეხვედრაზე ელჩებმა მოითხოვეს სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რაც ასევე არ შეეესაბამება სიმართლეს. მანამდე აღარ გავაკეთებ საერთოდ კომენტარს კონკრეტულად ამ არხთან, სანამ არ იტყვიან, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მინიმუმ და ეს იყო დეზინფორმაცია. ან თუ ეს ინფორმაცია შემოევრცელათ და შემთხვევით გაავრცელეს, არც ამაზე საუბარია პრობლემა“, - განაცხადა მინისტრმა.