(იბეჭდება შემოკლებით)
რა ხანია, უკვე თურქეთშია ზაზა და თავის ბედს ჭედავს. ღვთისგან მომადლებული ნიჭი და საღი აზრი გამოარჩევს მას სხვათაგან. დღითიდღე პროფესიონალად ყალიბდება თექვსმეტი წლის ბიჭი, იცის, რა და როგორ აკეთოს და იმიტომ.
ზაზა ფაჩულია მესამე წელია, თურქულ „ულქერში“ ირიცხება. ახალგაზრდულ გუნდში მომაგრდა, მოძლიერდა და სულ ახლახან ძირითადი გუნდის მესვეურებმაც შენიშნეს. ყოველივე კი დიდ პერსპექტივას უქადის ნიჭიერ ქართველს.
შინ, სტამბოლში დავუკავშირდით, დაღლილი ჩანდა. ინტერვიუ ვთხოვეთ და უმალ გამოცოცხლდა.
- ყოველდღე ასე ვარ. უთენია გავდივარ შინიდან, ჯერ კოლეჯში თანატოლებთან ერთად ვვარჯიშობ, მერე „ულქერის“ ახალგაზრდულ გუნდთან, ამის შემდეგ ლექციებს ვესწრები, ვმეცადინეობ, საღამოობით კი დიდებთან მიწევს ვარჯიში. ეს-ესაა, შინ დავბრუნდი.
დიდი ხანია, რაც „ულქერის“ ძირითად გუნდში ჩაირიცხე?
- ჯერ არ ჩავრიცხულვარ, სანამ კოლეჯს არ დავამთავრებ, კონტრაქტის გაფორმების უფლება არ მაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ ვვარჯიშობ მათთან ერთად.
ამ ზაფხულში სულ სხვას ამბობდი. არცთუ კმაყოფილი იყავი, თითქოს გულიც აცრუებული გქონდა...
- ერთხანს იუგოსლავიაში ვაპირებდი წასვლას. „პარტიზანი“ იყო ჩემით დაინტერესებული. თუმცა ახლა გადავიფიქრე, შეიცვალა სიტუაცია და მირჩევნია, აქვე დავრჩე.
„ულქერის“ მწვრთნელის შეცვლამ რაიმე გავლენა ხომ არ მოახდინა შენს არჩევანზე?
- სწორედ რომ ასეა. ძველი მწვრთნელი ახალგაზრდებს შანსს არ გვაძლევდა, ძირითადად ვეტერანებს ეყრდნობოდა და მეც ხელი მქონდა ჩაქნეული. ორი თვეა, რაც მწვრთნელად მურათ დიდინი დანიშნეს და ახლა სულ სხვა ვითარებაა. მან ძირითადად ახალგაზრდებზე გადაიტანა აქცენტი და უკვე სამი მოთამაშე აგვიყვანეს დუბლებიდან.
რომელ პოზიციაზე სათამაშოდ გამზადებს დიდინი?
- მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე ხელს მიწყობს, დიდინი ცენტრზე თამაშს მიკრძალავს. არ დაგინახო, ცენტრი დააყენოო, მეუბნება. ერთი-ორჯერ არ დავუჯერე და ძალიან დამტუქსა. ძირითადად საჯარიმოს გარედან მიწევს თამაში, ფრთად ან თავდამსხმელად.
„ულქერის“ მთავარ მწვრთნელთან პირადად თუ გისაუბრია?
- ძალიან ბევრჯერ. დიდინი ხშირად მესაუბრება ხოლმე. სულ რაღაცას მიხსნის, მასწავლის. ამ ერთი კვირის წინ სპეციალური სავარჯიშო პროგრამაც შემიდგინა, მიმითითა, თუ რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება.
რაზე ფიქრობ, რაზე ოცნებობ?
- ოცნებაც და მიზანიც NBA-ში თამაშია. თუმცა მე ჩემი გეგმები და შეხედულებები მაქვს. ხვალვე რომ შემომთავაზონ პროფესიონალებში თამაში, ნამდვილად არ წავალ, ამას აბსოლუტურად წრფელად ვამბობ. მირჩევნია, აქ, ევროპაში ვითამაშო, ვიდრე იქ ვიყო და სკამზე ვიჯდე. მე ჯერაც ბევრი უნდა ვისწავლო, ევროპული სკოლა უნდა გავიარო, საამისოდ კი, ვფიქრობ, ხუთი წელი კიდევ მჭირდება.
რამდენადაც ვიცი, შენ იუგოსლავიაში და საფრანგეთშიც გიწვევდნენ.
- ბევრ გუნდზე იყო საუბარი. ესპანეთიდან თვით „ბარსელონას“ და „რეალის“ წინადადებები მივიღე, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამ ეტაპზე აქ დარჩენა უფრო საჭიროდ ჩავთვალე. ბევრ უცხოელს შევხვედრივარ, მისაუბრია და ყველას აღუნიშნავს, რომ ჭაბუკთა ასაკში თურქული პირველობა სხვებზე გაცილებით მაღლა დგას. სლოვენიიდანაც თითქმის ყოველდღე მირეკავდნენ, „სლოვანში“ ჩემი მეგობრები, ბოისა, ცქიტიშვილი და უგრეხელიძე თამაშობენ და ერთხანს სერიოზულად ვფიქრობდი იქ წასვლას. ჩამოდი, კორაჩის თასს გათამაშებთო, მეუბნეოდნენ, მაგრამ, რომ დავფიქრდი, აზრი შევიცვალე. აქ ხომ ევროლიგაში თამაშის პერსპექტივა გამიჩნდა.
ზაზა, შენ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი ხარ. სულ მალე, აპრილში, საფრანგეთში შესარჩევ ტურნირზე გიწევთ თამაში.
- იმედი მაქვს, რომ პირდაპირ საფრანგეთში არ შევიკრიბებით. საამისოდ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ.
თავად უპრობლემოდ ჩამოხვალ თბილისში?
- წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა წავაწყდები, მაგრამ ჩამოსვლას ყველანაირად ვეცდები. ტურნირზე აუცილებლად ვიქნები, უფლება არ აქვთ, რომ დამაკავონ. მანამდე კი მეც მაქვს რაღაც გეგმები.
რას გულისხმობ?
- ამ კვირაში თურქეთის ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელს უნდა შევხვდე. მან მოისურვა ჩემი ნახვა, მითხრა, თქვენებურებთან ამხანაგურად გაჯიბრება გვინდაო და ამ საქმეში დახმარება მთხოვა. ამათთვის სულ ერთია, გინდ თბილისში ვითამაშოთ და გინდ სტამბოლშიო, ამბობენ. ახლა მთავარია, ჩვენებიც დათანხმდნენ. ვფიქრობ, არ იქნება ურიგო. ერთი სიტყვით, უახლოეს დღეებში ყველაფერი უფრო კონკრეტულად მეცოდინება.
შენ ეროვნული გუნდის მწვრთნელებმაც დაგადგეს თვალი. ამაზე რაღას იტყოდი?
- ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. მიხარია, რომ მთავარი ნაკრების ხელმძღვანელებიც დაინტერესდნენ ჩემით. ბევრსაც ვერაფერს გეტყვი ამაზე, ალბათ, ხედავენ ჩემში რაღაც პერსპექტივას. მოდი, ეს საუბარი სამომავლოდ გადავდოთ. არ მინდა, თავის ქებაში ჩამომართვას ვინმემ.
ერთხანს თურქებმა პრობლემები შეგიქმნეს. მოქალაქეობის მიღება მოგთხოვეს, მახსოვს, სერიოზულად წუხდი ამაზე. მსგავსი წინადადებით აღარ მოუმართავთ?
- ამ საუბრებს საბოლოოდ მოეღო ბოლო. აქ უკვე ყველამ შეიგნო ჩემი წარმომავლობა. მათ იციან, რომ მე ქართველი ვარ, ბოლოს და ბოლოს გაიგეს ეს და შეეგუვნენ. ამ მხრივ აღარაფერია სანერვიულო, ვაკეთებ იმას, რაც მინდა და როგორც მინდა. ქართველი ვარ და აქედან გამომდინარე ჩემი ქვეყნის ნაკრებში მსურს თამაში.