„ვის უნდა 20 ათასის” წამყვანი მამუკა გამყრელიძე მეგობრებთან ერთდ ახალ ტელევიზიას ხსნის. „გლობალ მედია ჯგუფი” - ასე ეწოდება კომპანიას, რომელიც 6 არხს გააერთიანებს.
ეს არის პირველი ქართული გასართობი სხვადასხვა ფენის მაყურებელზე გათვლილი არხი და თითქმის ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ბატონი მამუკასა და მისი მეგობრების მიერ დაარსებული ტელევიზია „ნტვ პლუსის” ანალოგი იქნება.
ექვსი არხიდან ერთი საბავშვო იქნება, ორი არხი დაეთმობა კინოს, ერთი სერიალებს და ორი სპორტული არხი, რომლებიდანაც ერთი მხოლოდ ფეხბურთს დაეთმობა, ხოლო მეორე სპორტის სხვა სახეობებს მიეძღვნება. ტელევიზიის ხელმძღვანელობა საფეხბურთო ჩემპიონატებს შეისყიდის და მაყურებელს შესთავაზებს.
მამუკა გამყრელიძესა და მის მეგობრებს ახალ ტელევიზიაში არ ექნებათ საინფორმაციო არხი და შემეცნებითი არხი, ვინაიდან შემეცნებითი არხი ძალიან დიდი ფუფუნებაა. როგორც ბატონმა მამუკამ განაცხადა, საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლებმა, მათ ძალიან სთხოვეს გახსნან ერთი არხი, რომელიც მთლიანად ინდურ ფილმებს დაეთმობათ. ფილმები იქნება ქართულად ნათარგმნი და გაცილებით მაღალი ხარისხის, ვიდრე სხვა ტელეკომპანიების პროდუქტი.
„გლობალ მედია ჯგუფში” მამუკა გამყრელიძე ადმინისტრატორია და ამ ახალ წამოწყებას აფინანსებს კიდეც. ახალ ტელევიზიაში ყველა პროდუქტი ლიცენზირებული იქნება, აქედან გამომდინარე, მაყურებელს მასში ფულის გადახდაც მოუწევს.
როგორც მამუკა გამყრელიძემ გვითხრა, ეს არ იქნება კატასტოფული თანხა, რომლის გადახდასაც მაყურებელი ვერ შეძლებს. ახალ ტელევიზიაში უკვე მუშაობს ყველაზე გამოცდილი კადრი, ბიძინა ბარათშვილი, რომელიც გუნდის დიდი ნდობით სარგებლობს.
როგორც მამუკა გამყრელიძე ამბობს, მათი პროდუქტი ტელესივრცეში 1 დეკემბრიდან უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ სხვადასხვა დაბრკოლებების გამო, „გლობალ მედია ჯგუფი” მაუწყებლობას 1 იანვრიდან დაიწყებს.