ჩვენთვის ჯერჯერობით დიდი, აუხდენელი ოცნებაა როგორც აფხაზეთში ჩასვლა, ისე იქაურ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ზურაბ შენგელიამ ახლახან მოიარა ენგურს გაღმა დარჩენილი საქართველო და, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ იმედიანი შთაბეჭდილებებითაც დაბრუნდა.
სანამ უშუალოდ ამ კონკრეტულ ვიზიტზე ვისაუბრებთ, იმაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა, როგორ დაიწყო თქვენი ინსტიტუტისა და თქვენი აფხაზი კოლეგების ურთიერთობა?
– ჩვენი ინსტიტუტი 1999 წელს დავაარსეთ აფხაზებთან ერთად და ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთთან კავშირი არ გაგვიწყვეტია. სწორედ ჩვენი ინიციატივით დაიწყო მაუწყებლობა აფხაზურ ენაზე რადიო „ჰარამ“, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში მაუწყებლობდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზურ ენაზე მათ ვიღაც ელაპარაკებოდა აფხაზეთის გარედან. გაგვიჩნდა მსმენელი და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. ამ ათი წლის განმავლობაში 50-ზე მეტი საერთო პროექტი განვახორციელეთ. აფხაზი ბავშვები ჩამოვიყვანეთ სათხილამურო სკოლაში, ბაკურიანში, აქედან კი ლტოლვილი ბავშვები სოხუმში წავიყვანეთ. 50-ზე მეტი გამოცემა მოვამზადეთ აფხაზურ და ქართულ-აფხაზურენოვანი. აფხაზებთან ერთად შევქმენით პირველი ქართულ-აფხაზური სასაუბრო. ამ ურთიერთობამ განაპირობა ის, რომ აფხაზეთში გაგვიჩნდა არა მხოლოდ მსმენელი, არამედ მასპინძელიც.
აფხაზურენოვანმა რადიომ რატომ შეწყვიტა მაუწყებლობა?
– დაფინანსების გამოც და აღარც ტექნიკური საშუალება იყო, რაღაც გაუგებრობის გამო. თუ იქნება ხელშეწყობა, მზად ვართ, დღეიდანვე დავიწყოთ მაუწყებლობა. „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ აფხაზურ ენაზე საინფორმაციო გამოშვება სწორედ ჩვენს ბაზაზე კეთდება. პრეზიდენტმაც რამდენჯერმე გამოთქვა სინანული აფხაზურენოვანი რადიოს მაუწყებლობის შეწყვეტის გამო.
პრეზიდენტს აქვს სარეზერვო ფონდი და, თუ სინანულს გამოთქვამს, დააფინანსოს ეს პროექტი?
– მე ის ვიცი, რომ ყველა, ვინც კი გაიგო, რომ აღარ ვმაუწყებლობთ აფხაზურ ენაზე, აღშფოთებულია.
მეც ვუერთდები მათ. ბატონო ზურაბ, ამჯერად რა შთაბეჭდილება დატოვეს აფხაზებმა და აფხაზეთმა თქვენზე?
– 2008 წლის შემდეგ საკმაოდ გართულდა ვითარება, რადგან რუსეთის შესვლის შემდეგ აფხაზეთში სხვა რეჟიმი დამყარდა. ისიც ძალიან მიკვირს, როგორ მოახერხეს ჩემმა აფხაზმა მასპინძლებმა ჩემი გადაყვანა.
რა პასპორტით შედიხართ ხოლმე აფხაზეთში?
– ენგურამდე ჩემი მანქანით მივედი, შემდეგ ჩვენს მხარეს დავტოვე მანქანა და ფეხით გადავედი ენგურის ხიდზე. მეორე მხარეს დამხვდნენ ჩემი აფხაზი მასპინძლები და წამიყვანეს მანქანით. ადრე, 2008 წლამდე საშვს მაძლევდნენ და იმ საშვით გადავდიოდი. ახლა არ დამჭირვებია და არც კი ვიცი, რა პროცედურებით მოხდა ჩემი გადაყვანა. შემიძლია, შევადარო, როგორი იყო ომამდე სოხუმის საზოგადოება და რა დამხვდა ომის შემდეგ. პირველი, რაც გამოკვეთილად შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ საზოგადოებამ დაიწყო ფიქრი, ანუ ძალიან აქტიური გახდა. სულ მსჯელობენ თავიანთ მომავალზე და არსებულ დღევანდელობას ქვეცნობიერად ადარებენ იმ მდგომარეობას, რაც ადრე ჰქონდათ. მაგალითად, თუ მოხდა დაპირისპირება რუსებთან და, როგორც ჩანს, ეს ძალზე ხშირად ხდება, მაშინვე იხსენებენ ქართველებთან თანაცხოვრების პერიოდს და ამბობენ, არ გვახსოვს, ქართველს გაეუპატიურებინოს აფხაზი ქალი ან ეცემოს აფხაზი ბავშვიო. ეს უკვე კარგია, რადგან ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ ჩვენი ეთნოკულტურული სივრცე ახლოს იყო ერთმანეთთან. მეორე საინტერესო მომენტი ის არის, რომ გამოცოცხლდა პოლიტიკური ცხოვრება, უფრო მეტი თავისუფალი აზრი გაჩნდა. თუ ადრე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ქუჩაში პრეზიდენტის ან ხელისუფლების აუგად მოხსენიება, ახლა ეს ძალიან ხშირია. კაფეები გადაქცეულია თავშეყრის ადგილებად, ერთგვარ პოლიტიკურ კლუბებად, სადაც კამათობენ და მსჯელობენ. საინტერესო ის არის, რომ ისინი პრეტენზიად უყენებენ თავიანთ ხელისუფლებას იმას, რომ ბაღაფში არ ეძებს ქართველებთან ურთიერთობის საშუალებას. მაშინ, როდესაც მათთვის გმირმა არძინბამაც კი შესთავაზა შევარდნაძეს კონფედერაცია და უარი მიიღო. ამბობენ, ის გრძნობდა, რომ ქართველებთან რაღაც ურთიერთობა უნდა იყოსო. როგორც მე მითხრეს, არძინბამ ანდერძად დატოვა, ქართველებთან მოაწესრიგეთ ურთიერთობაო.
ასე რომ არ იყოს კიდეც, ალბათ, კარგია, მითები რომ იქმნება ქართველებთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე?
– ეს ერთ-ერთი არგუმენტია მათთვის საიმისოდ, რომ მათი ხელისუფლება არ ვარგა. ამას გარდა, საკუთარ ხელისუფლებასთან რუსეთთან მიმართების გამოც აქვთ პრეტენზია. რუსეთმა ასე ჩამოაყალიბა თავისი მიდგომა: თუ თქვენ, აფხაზი ეროვნების რუსეთის მოქალაქეებს, გაქვთ უფლება, შეიძინოთ რუსეთში მიწა, ჩადოთ ფული და დაიწყოთ ბიზნესი, ჩვენ რატომ არ გვაძლევთ იმავე უფლებასო. ამის კი აფხაზებს ძალიან ეშინიათ. მეორე სერიოზული პრობლემა რუსეთთან მიმართებაში არის ის, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით აფხაზეთში 50 000 მუშის ჩამოსახლება უნდათ და ისინი შესაძლოა, გახდნენ სოჭის ოლიმპიადის მომსახურე პერსონალი. ამისიც ძალიან ეშინიათ. მესამე პრობლემა ეკოლოგიურია: თუ სადღაც ნავთობის მოპოვება დაიწყება, მეორეგან სამხედრო ბაზა აშენდება, აფხაზეთის ტურისტულ პოტენციალს პერსპექტივა აღარ ექნებაო.
წინა წლებში თავს იწონებდნენ ტურისტების სიმრავლით, წელს როგორი ვითარება იყო ამ მხრივ?
– ზღვა იწყება ოჩამჩირიდან, მაგრამ იქ ტურისტები არ არიან, გაგრაშიც კი, სადაც ყველაზე მეტადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია იმის 70-პროცენტი ტურისტი იყო წელს. ძალიან ბევრია ერთდღიანი ექსკურსიები. სოჭში დგანან ავტობუსები, რომლებსაც აწერია: „ექსკურსია რიწის ტბაზე“, „ექსკურსია ათონის მთაზე“ და ასე შემდეგ. ასე რომ, ტურისტული ინფრასტრუქტურა გათვლილია არამდიდარ ტურისტებზე. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, უფრო კონკრეტულად გეტყვით: როგორც გითხარით, გაგრაში ყველაზე მეტადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას თავის ავტოფარეხში ორი მაგიდა უდგას და ემსახურება ან ტენტი აქვს გადაფარებული ეზოში და იმის ქვეშ უდგას რამდენიმე მაგიდა. ისიცაა, რომ, მაგალითად, სოხუმში ორი ახალი რესტორანიც ვნახე. საკმაოდ მაღალი კლასის, კარგი მომსახურებითა და კარგი მენიუთი, მაგრამ რესტორნის მეპატრონემ მითხრა, ხალხი არ არისო. ასე რომ, თვითონვე ხვდებიან, რომ მათი ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არის ორიენტირებული მდიდარ რუსებზე და ეს აწუხებთ, რადგან თავიანთი ქვეყნისა თუ ქალაქის განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან განიცდიან, უცხო გარემოში რომ მოხვდა მათი ეთნოკულტურული სივრცე. სოხუმის პლაჟებზე ძირითადად არიან რუსი სამხედროები თავიანთი ოჯახებით. პირადად მე სამოქალაქო ტურისტი სოხუმის პლაჟზე არ მინახავს. სხვათა შორის, პლაჟზე არის პატარა კაფეტერიები, სადაც წყალი, ყავა, „ჩებურეკები“ იყიდება და ეს არის ადგილობრივების ბიზნესი, მაგრამ შევამჩნიე, რომ ამ ადგილობრივებს კაფეტერიები გაცემული აქვთ იჯარით. ამბობენ, „ეფესბეშნიკებზე“, რომლებიც საკუთარი თვალით უყურებენ, რა ხდება პლაჟზე. ამას დავამატოთ ის ეკოლოგიური პრობლემაც, რაც სამშენებლო მასალების სოჭში გატანამ გამოიწვია და ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდა აფხაზი საზოგადოება, თუმცა მათ უკვე შეუძლიათ ამაზე ხმამაღლა საუბარი.
დაგვიანებული ხომ არ არის? რუსეთის ისეთი ბაზა დადგა უკვე იქ, რომ იმის იქიდან გაყვანა იმაზე რთული იქნება, ვიდრე 2008 წლამდე იყო?
– არ იქნება უფრო რთული. უკვე ქართულად ლაპარაკიც ისმის ქუჩაში. ადრე ქართულად ვერ დაილაპარაკებდი, უხერხულობა იქმნებოდა.
აფხაზები ლაპარაკობენ ქართულად თუ ქართველები?
– აფხაზებიც და ქართველებიც. არადა ადრე ქართველები ჩუმად ლაპარაკობდნენ ქართულად. ერთი სიტყვით, უფრო თავისუფალი გახდა აფხაზი საზოგადოება. მართალია, 2008 წელს ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ იმ საზოგადოებაში ახალი იმპულსები გამოჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საწინააღმდეგოა და ვერც იმას, რომ ჩვენს სასარგებლოდაა. მაგრამ ფაქტია, რომ, როდესაც ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრებას აფხაზებისა და რუსების თანაცხოვრებას ადარებენ, აღნიშნავენ, რომ ქართველებთან თანაცხოვრება უკეთესი იყო. ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ჩვენ მიმართ.
რით იკლავენ ამ ინტერესს?
– თეფშით.
რამდენს აქვს?
– ქალაქებში არის და შემდეგ ინფორმაცია გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით ვრცელდება. მეკითხებოდნენ, ანაკლიაში მართლაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდაო? ბათუმი მართლაც ასეთიაო? ანუ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ. სხვათა შორის, იმ კონცეფციისადმიც, იაკობაშვილის სამინისტრომ რომ შეიმუშავა. ძალიან ბევრს მელაპარაკებოდნენ ამაზე. ვუხსნიდი, რაც ვიცოდი. ძალიან დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ, ოღონდ ერთს ამბობდნენ, ეს ხომ უტოპიააო და ამის ხელის შემშლელად თავიანთი ხელისუფლება მიაჩნდათ.
როგორ შეინიშნება, ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი აქვთ თუ ხელისუფლებასთან? ანუ ხელისუფლება მოსწონთ ჩვენი თუ ხალხი?
– ჩვენ იმაზე, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო, ბოლო 3-4 წელია, დავიწყეთ ფიქრი, მანამდე წარმოდგენაც არ გვქონდა და გვეგონა, „ბორჯომითა“ და მანდარინით გავიდოდით ფონს. დღეს აფხაზები სწორედ იმ მდგომარეობაში არიან. იმათ მიაჩნიათ, რომ იბრძოლეს და მიიღეს შედეგი – დამოუკიდებლობა, მაგრამ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული, რა არის ეს შედეგი. თანაც ხედავენ, რომ ამას, მაინცდამაინც, დიდი სიხარული არ მოუტანია მათთვის. ისინი ხედავენ, რომ დაამარცხეს უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი ქართველები, მაგრამ ეს დამარცხებულები, თურმე, მაინც ვითარდებიან. ანუ გამარჯვების ეიფორია აღარ არის. ძალიან ბევრ რამეს აზვიადებენ, ოღონდ ჩვენს სასარგებლოდ. უფრო მეტს ამბობენ კარგს ჩვენზე, ვიდრე სინამდვილეშია. თბილისის გზების შესახებ, რომ ავტოინსპექცია აღარ არის, ლეგენდები დადის. ჩვენი ხელისუფლებით ძალიან არიან დაინტერესებული, მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდის გავლენა იგრძნობა, მაგრამ მსჯელობისას თვითონვე ცვივდებიან წინააღმდეგობაში. ერთი სიტყვით, ფიქრი დაიწყო იქაურმა საზოგადოებამ და, თუ განვითარების გზაა დემოკრატია, აფხაზეთში უკვე ვლინდება დემოკრატიის ჩანასახები, თორემ ლაპარაკი იმაზე, რომ იქ სამოქალაქო საზოგადოებაა, ზედმეტია.
ჩვენთან არ არის ჩამოყალიბებული და მათ ვინ ჩამოუყალიბებდა, რუსის ჯარისკაცის მეტი ბოლო 20 წელია, არაფერი უნახავთ?
– ისიც დაინახეს, რომ არცთუ ისე კარგი როლი შეასრულეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა სამოქალაქო სექტორის განვითარებაში. ამბობენ, ჩვენზე ფული გააკეთესო. ჩვენმა მედიამ გადმოსცა, თითქოს არძინბას ქალიშვილი დაუჭერიათ. თუ ეს ასეა, ამას სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვება, რადგან მათთვის არძინბა ხელშეუხებელი კერპია. არძინბათი ზომავენ ყველაფერს. მით უმეტეს, როდესაც თავიანთი ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ერთი წლის წინათ ასეთი დამოკიდებულება არ იყო. ერთი წლის წინათ ამბობდნენ, თუ არძინბამ დამოუკიდებლობა მოგვიპოვა, ბაღაფშმა აღიარება შეძლოო, მაგრამ დღეს ეს ბაღაფშს აღარ ეთვლება პლუსად. ძალიან ბევრ სასოწარკვეთილ ადამიანსაც შევხვდი. ადამიანებმა თავისუფლად დაიწყეს აზროვნება და ამან გარკვეული შედეგი უნდა მოიტანოს. არ მგონია, იმ სიტუაციას, რაც ახლა იქ არის, აფხაზური საზოგადოება შეეგუოს.
როგორც მივხვდი, გამოსავალი ასეთია: იმედი ვიქონიოთ, რომ იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეები ძალიან ცუდად მოიქცევიან, ჩვენი ბათუმი და ანაკლია კი მითად არ დარჩება და ახლოდან რომ დაინახავენ, ისეთი აღმოჩნდება, როგორსაც ელოდნენ?
– მათ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ სამედიცინო მომსახურებაში, არაფრად უვარგათ განათლების სისტემა. რუსეთმა 15 სექტემბრამდე აკრძალა აფხაზური პროდუქციის გატანა. ეშინიათ, რომ ეს აკრძალვა ნოემბრამდე გაგრძელდება.
ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის. საქართველოს მთავრობასთან არ გისაუბრიათ, გამოიყენოს ეს და თავად შეისყიდოს აფხაზების პროდუქცია, რასაც რუსეთი ბლოკავს?
– სხვათა შორის, ისინი თანახმა არიან, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. თანაც იმასაც ამბობენ, რუსებთან ჩვენ მოვაგვარებთ საქმესო. გვაქვს 100 ტონა ჩაი, სადაც გვეტყვით, იქ მოგიტანთო. გნებავთ, ზუგდიდში, გნებავთ, ფოთშიო. მაჩვენებენ ქართულ პასპორტებს. მართალი გითხრათ, გაცილებით უფრო იმედიანად დავბრუნდი აფხაზეთიდან, ვიდრე აქამდე ვბრუნდებოდი. იმაზე უფრო სწრაფი ტემპით გამოცოცხლდნენ, ვიდრე მეგონა.
წელს როგორ აღნიშნეს 26 აგვისტო, „აღიარების“ დღე?
– აღიარების ორი წლისთავისთვის ძალიან პომპეზურად ემზადებოდნენ, მაგრამ მოსკოვიდან არავინ ჩასულა, არც ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდან. მხოლოდ მიესალმა რუსეთის „ელჩი“ და კრასნოდარის გუბერნატორის თანაშემწე, მეათე ხარისხის ჩინოვნიკი. საჩუქრად გადასცეს ავტოინსპექციის ექვსი ახალი ავტომანქანა. ეს იყო სულ. დაგეგმილი იყო ყუბანელი კაზაკების გუნდის კონცერტი, მაგრამ ეს კონცერტი ჩაიშალა, რადგან საშინელი წვიმა წამოვიდა. სოხუმის ცენტრში კი დისკოთეკა უნდა გამართულიყო, საღამოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაწყებამდე შუქი გამოირთო და სამი საათი არ მოვიდა. ერთი სიტყვით, ეს აგვისტო ვერ აღინიშნა და ესეც სიმბოლურად აღიქვეს. ერთი საინტერესო კაცი გავიცანი, რომელმაც მიამბო, რა მოხდა, როდესაც იქ შარშან მედვედევი ჩავიდა. ბაღაფშს წაუყვანია „ბრეხალოვკაზე“, სოხუმის პორტთან. გზაზე, თურმე, ერთი მთვრალი, ნახევრად შეშლილი კაცი მოდიოდა და მედვედევისთვის დაუძახია, „ეი, ვანია, პრივეტო“. მედვედევი მიტრიალებულა და უთქვამს: „ია ნე ვანია, ია დმიტრი ანატოლიევიჩო“. ის კაცი, რა თქმა უნდა, დაიჭირეს, მაგრამ სამ დღეში გამოუშვეს, რადგან შეშლილი იყო. მაგრამ ინციდენტი ამით არ ამოწურულა. როდესაც დამსხდარან, პლასტმასის სკამები იდგა, ბაღაფშის სკამი გამტყდარა და ამოყირავებულა.