„ჟურნალისტებს ბევრი რამ გვეშლება

„ჟურნალისტებს ბევრი რამ გვეშლება"

ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუ იმიტომ განვიზრახეთ, რომ მიჰყავს შოუ, სადაც აქამდე ტაბუდადებულ თემებზე გულახდილად ალაპარაკებს ადამიანებს და ყველაზე მთავარი - ის რამდენიმე წელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო ხმაურიანი რომანით სოდ-ის უფროსთან,   ირაკლი  კოდუასთან.

ნანუკამ ძალიან თბილად მიმიღო, მაგრამ დაამატა, - არ მინდა, ხალხს თავი მოვაბეზრო. ერთხელ უკვე დაიწერა ერთ გაზეთში ყველაფერი ჩემ შესახებ და ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა გავიმეოროო! თუმცა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ნანუკა გულწრფელი და საინტერესო რესპონდენტი გამოდგა...

ადრინდელსა და დღევანდელ ნანუკას შორის დიდი სხვაობაა. ეს ცვლილება რამ გამოიწვია - ასაკმა, პირადმა ცხოვრებამ თუ დრომ?

- ალბათ, სამივემ ერთად და კიდევ იმის სურვილმა, რომ გამეკეთებინა რაღაც ახალი, რაც ხალხს კი არ გააღიზიანებდა, არამედ ჭარბი პოლიტიკისგან ცოტა ხნით მაინც დაასვენებდა. ჩემი გადაცემის მთავარი ატრიბუტი” გულახდილობაა. სხვათა შორის, თავიდან უფრო ძნელი იყო რესპონდენტის დათანხმება, მოგვიანებით კი გაიოლდა, რადგან უკვე იციან, რომ  სტუდიაში ხვდებათ კეთილგანწყობილი ჟურნალისტი, რომელიც კორექტულად ეკითხება პირად ცხოვრებაზე.

ათასჯერ ვამოწმებ გაგონილ ჭორს... ადრე ასე არ ვზოგავდი ჩემს რესპონდენტს... მაყურებელი მიჩვეული იყო "დაყენებული" მზერისა და ჟესტიკულაციის მქონე ჟურნალისტს. სულ რაღაც 3-4 წლის წინ მეც ასეთი ვიყავი. ჟურნალისტებს ბევრი რამ გვეშლება.

ნანობ რაიმეს პროფესიული წარსულიდან?

- კი, ვნანობ. თანაც ძალიან ბევრს. დღევანდელი თვალთახედვით ჩემთვის უკვე მიუღებელია ის, რასაც ადრე ვაკეთებდი. იცით, მე შვილმკვდარ დედასთან მიმიტანია მიკროფონი და კომენტარი მითხოვია მისთვის... პატიმარი ჩამიწერია და ისე გამოვბრუნებულვარ, არც მიკითხავს, გარეთ ვინმესთან რამეს ხომ არ დამაბარებ-მეთქი.
ამბობენ, "ნანუკას შოუს" წარმატება გავლენიან და შეძლებულ ქმარზეა დამოკიდებულიო...

- ასე არაა. ირაკლი ჩემს პროფესიულ საქმეში საერთოდ არ ერევა, არც მასპონსორებს, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ჩვენი ფინანსური პარტნიორი "აირზენაა", რომელიც კოდუებთან არის დაპირისპირებული. რაც გამაჩნია, ყველაფერი მამაჩემისგან მივიღე და თავად მოვიპოვე.

ძვირად ღირებული მანქანა "რენჯ-როვერიც"?

- დიახ, მანქანა "რენჯ-როვერიც". იმავე ფირმისა და მარკის მანქანები აქვთ მამაჩემსაც და ჩემს ძმასაც, ასე რომ, ირაკლი არაფერ შუაშია. მამას ადრეული წლებიდან ჰქონდა ბიზნესი, რომელიც ნელ-ნელა გააფართოვა.

"აირზენას" და კოდუების დაპირისპირება ახსენე... საზოგადოებას კარგად ახსოვს ზურა ჟორჟოლიანისა (მამა) და ეროსი კიწმარიშვილის დაპირისპირებაც. მერე გავიდა დრო და მისი მეუღლე ია სტუდიაში მოიწვიე. დათბა თქვენ შორის ურთიერთობა?

- თუ კაცები ვერ მორიგდნენ, ქალებმა რა დავაშავეთ? აღარ მინდა ძველის გახსენება. მე იას დავურეკე, სტუმრად მოვიწვიე და ისიც დამთანხმდა. მოვიდა, ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ, ოღონდ მეუღლეები არ გვიხსენებია.

ნანუკა, ერთხელ თქვი, რომ ქალი წარმატებული ვერ იქნება, თუ მას პირადი ცხოვრება მოუწყობელი აქვსო. ახლა როგორ გრძნობ თავს?

- მე კარიერა და პირადი ცხოვრება ერთდროულად მოწყობილი არ მქონია, კარიერა ყოველთვის წინ უსწრებდა პირადულს, ახლა კი... უმადური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, უბედური ვარ-მეთქი. მიხარია, რომ ირაკლის შვილებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბევრი მათი საიდუმლოც ვიცი.

ირაკლის ყოფილ ცოლთანაც ხომ არ მეგობრობ?

- არა, მთლად ვერ გავევროპელდი, თუმცა, ირაკლის შვილებმა მაქსიმალური გააკეთეს, რომ მათთან საუკეთესო ურთიერთობა მქონოდა. ისინი შინაურულად ნანუკას მეძახიან და მიხარია, რომ ჩვენ შორის არ არსებობს გაუცხოება. 

ალბათ არ იქნებოდა იოლი, ოთხი შვილის მამის მეორე ცოლობა... დაინგრა ოჯახი, რის გამოც დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა.

- მე კი გამოვდივარ ოჯახის დანგრევის მიზეზი და ხელშემწყობი, მაგრამ მათ შორის უკვე იყო ბზარი გაჩენილი. უბრალოდ, მე მათი დაშორების პროვოცირება მოვახდინე. მე და ირაკლის დაქორწინებამდე წლების განმავლობაში გვქონდა ახლო ურთიერთობა, მაგრამ მისთვის არასოდეს მომითხოვია, ოჯახი მიატოვე-მეთქი, არადა, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ირაკლი ჩემგან 12-ჯერ მაინც წავიდა. ებრძოდა თავის თავსაც, მაგრამ არასოდეს მომიბრუნებია, მისი გადასაწყვეტი იყო, სად და ვისთან დარჩებოდა.

ირაკლი კოდუა მექალთანეა?

- უი, არა! მექალთანე კაცი არასოდეს ანგრევს ოჯახს. მისგან ნაკლებადაა მოსალოდნელი ოჯახიდან წასვლა, მას არ შეუძლია სიყვარული. ირაკლიმ კი სიყვარულის გამო გაბედული ნაბიჯი გადადგა.

ახერხებთ თავისუფალი დროის ერთად გატარებას?

- ადრე უფრო ვახერხებდით, ახლა კი, ორივე ისეთი გადატვირთული რეჟიმით ვცხოვრობთ, რომ ერთად დასვენება ან სადმე დიდი ხნით წასვლა თითქმის შეუძლებელია.

რომანტიკული თუ არის?

- კი, ძალიან რომანტიკულია. ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, მაშინ ჯერ არ ვიყავით შეუღლებულნი, ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფს ჟურნალისტებიც ვახლდით ჩინეთში. უზარმაზარ ჰოლში ვართ შეკრებილები. იღება კარი და რას ვხედავ, ჩემხელა სათამაშო დათვი პირდაპირ ჩემკენ მოდის,”უკან კი ბიჭი მოჰყვება 100 ცალი ულამაზესი ვარდით. ყველანი გავშეშდით, ხელის კანკალით გავხსენი ბარათი. რაღა თქმა უნდა, ირაკლიმ გამიკეთა ეს სიურპრიზი.

ისეთი ლამაზი სანახაობა იყო, რომ უცხოელებმა ფოტოები გადამიღეს. ამ დროს ჩამოიარა პატარა ჩინელმა კაცმა და გაკრეჭილმა მკითხა: ჰოლივუდ?”გამეცინა და ქართულად ხმამაღლა ვუპასუხე, - კი, ჰოლივუდია, მე კი კეტრინი ვარ, ზეტა-ჯონსი-მეთქი. ატყდა ხარხარი...

ადრინდელ თაყვანისმცემლებს არ გაიხსენებ?

- სად მყავდა მოწაფეობისას თაყვანისმცემლები? ქალაბიჭა ვიყავი, სულ შარვლით დავრბოდი, მოკლედ თმაშეკრეჭილი. წყალტუბოში ვცხოვრობდით და სკოლის წლებიც (ბოლო წელს თუ არ ჩავთვლით) იქ მაქვს გატარებული. სვანი კი არა, იმერელი ჟორჟოლიანი ვარ... მაგრამ ეტყობა, ფესვები მაინც თავისას შვრებოდა, თუ სადმე ჩხუბი ატყდებოდა, დედაჩემმა უკვე იცოდა, სად უნდა მოვეძებნე. მე, როგორც ქალს, პირველი ყვავილი ვინც მაჩუქა და კაფეში დამპატიჟა, გახლდათ ჩემი პირველი ქმარი, ნიკა გეგუჩაძე.

როგორც ვიცი, პირველ ქმარს მალე დაშორდი. რა იყო შენი ოჯახის დანგრევის მიზეზი, ვიღაც "მესამე"?

- მე და ნიკა ძალიან ადრეულ ასაკში დავქორწინდით, ის მართალია, 5 წლით უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მე მაშინ 16 წლის ვიყავი, მისთვისაც ნაადრევი გამოდის ოჯახის ტვირთის წამოკიდება. ყველა გოგოს ვურჩევ, რომ ადრე არ გათხოვდეს. ახლა ვიგრძენი, რა არის ქალობა და დედობა.

ჯერ კიდევ მარიამზე ვიყავი ორსულად, როცა ვიგრძენი ნიკასგან სიცივე, მაგრამ მან დამინდო და მხოლოდ მშობიარობის მერე მითხრა სიმართლე. საერთოდ, არ ვარ დეპრესიული, არ მახასიათებს ტირილი და ლოგინად ჩავარდნა, მაგრამ სტუდენტობაში მახსოვს ის პერიოდი, როცა არსად წასვლა არ მეხალისებოდა, მერჩივნა, შინ ვყოფილიყავი.

იმ დროს საშინლად გავსუქდი და... მოკლედ, კალაპოტიდან ამოვვარდი. მერე თავს შევუძახე და აქტიურად ჩავები ჟურნალისტიკაში. პირველი კურსიდან ვმუშაობდი 50 ლარად "ალიონში", მერე "რუსთავი 2"-ში, ყოველგვარი კასტინგის გარეშე მივედი, ხელმძღვანელის კარზე დავაკაკუნე და ვთქვი, - ნანუკა ვარ, ჟორჟოლიანი და თქვენთან მინდა მუშაობის დაწყება-მეთქი. ეროსიმ ხელი მომკიდა, ეკა ხოფერიასთან მიმიყვანა და უთხრა: - ისე შემოვიდა, ამისგან რაღაც უნდა გამოვიდეს, აბა, ნახეო... რახან დავრჩი, ეტყობა, "რაღაც" გამოვედი...

სოდ-ის უფროსი შენი რესპონდენტი იყო?

- არა, ჩემი და ირაკლის ურთიერთობა არ დაწყებულა, როგორც ჟურნალისტისა და რესპონდენტისა. მე ჯერ სადარბაზოსთან დამაყაჩაღეს, მერე ტელევიზიაშიც შემოვიდა ორი მძარცველი (ეტყობა, დამდევდნენ) და გამქურდა. კამერებმა ორივე დააფიქსირა, საქმეში სოდ-იც ჩაერთო და სწორედ მაშინ გავიცანი ირაკლი.

თქვენზე ბევრი ჭორი გავრცელებულა...  არ გაღიზიანებთ ჭორები?

- რომ გითხრა, მიხარია, ჩემზე ჭორების მოსმენა-მეთქი, დამიჯერებ?  ყოველთვის ვცდილობდი, არ მიმექცია ყურადღება, მაგრამ ერთხელ ისეთი ჭორი მოგვიგონეს, მაშინ ვთქვი, - ახლა კი დროა, პროტესტი გამოვთქვა-მეთქი. მერე დრო გავიდა და დამავიწყდა. საერთოდ, არ ვარ გულღვარძლიანი. საქართველოში გამოდის ერთი გამორჩეული გაზეთი, რომელიც ზის და ჭორების მეტს სხვას არაფერს წერს, რაც მეტ სისაძაგლეს და სიბინძურეს დაწერს, მით მეტად უხარია.

სამწუხაროდ, ხალხსაც ცუდი ჭორის დაჯერება ურჩევნია, კარგი სიმართლის მოსმენას. არ მახსოვს, "კვირის პალიტრას" რამე ჭორი აეგორებინოს ვინმეზე (ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ შენც პალიტრელი ხარ, სხვაგანაც ხშირად მითქვამს), ამიტომაც გყავთ ბევრი მკითხველი. თქვენსა და მკითხველს შორის ნდობა გაჩნდა, რაც ყველაზე სასურველია გამომცემლისთვის, რედაქტორისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის. ზოგჯერ, როცა ირაკლიზე ან ჩემზე კვლავ წავიკითხავ ხოლმე რამე ახალ ჭორს, ირაკლის ვურეკავ და ვეხუმრები, თურმე ასე და ასეა ჩვენი საქმე-მეთქი. ირაკლი ბრაზდება და მეუბნება, - სანამ მაგ გაზეთის მკითხველი იქნები, არაფერი გეშველებაო... და მაინც, თქვენ რა ჭორი გაგიგიათ ჩვენზე?

ამბობენ, ირაკლიმ ნანუკა მიატოვა და ევროპაში წავიდა 18 წლის მოდელ გოგონასთან ერთად. რომ არა კოდუა, "ნანუკას შოუ" კარგა ხნის წინ დაიხურებოდაო, ნანუკას მეორე ქმარიც ჰყავდა და მალავსო...

- მოკლედ, ჩემზე მარტო იმის თქმა დარჩათ, რომ ადრე კაცი ვიყავი, ოპერაცია გავიკეთე და ქალად გადავკეთდი.

მარინა, კარგად დამაკვირდი, ვგავარ ახლა მე მიტოვებულ ქალს? მე და ირაკლიმ ისეთი ბარიერები გადავლახეთ და ერთმანეთი ისეთ რთულ პერიოდში გამოვცადეთ, რომ მერწმუნეთ, ეს საშიშროება ნამდვილად არ გვემუქრება, თუმცა იმ გამონათქვამსაც ვეთანხმები: არასოდეს თქვა “არასოდეს.”

როგორი მამაა ირაკლი? ალბათ, განსაკუთრებით ნაბოლარას ანებივრებს.

- ვერ ვიტყვი, რომ ირაკლის რომელიმე გამორჩეულად უყვარდეს, თუმცა ჩვენი საბა ყველაზე პატარაა, 11 თვის, ძალიან საყვარელი გაბერილი ლოყები აქვს, რის გამოც კვახს ვეძახით და სულ ვეფერებით. თუმცა, ირაკლის განსაკუთრებული დამოკიდებულება უფროსის, გიორგის მიმართ აქვს. მან ძალიან პატარამ მოიყვანა ცოლი, 16 წლისამ ოჯახის ტვირთი წამოიკიდა და უკვე შვილიც ჰყავს, პატარა ირაკლი კოდუა. რძლის მამასაც ირაკლი ჰქვია და ახალგაზრდებმა ორი კურდღელი დაიჭირეს... ირაკლი სულ ამას ამბობს ხოლმე, - გიორგის ახლა ვჭირდები ყველაზე მეტადო.

ისე, ირაკლი ყველგან ამას აცხადებს, - შვიდი შვილის მამა ვარო და ასე ითვლის: პირველი ქორწინებიდან 4 შვილი, მათ დამატებული პატარა შვილიშვილი (აბა, გიორგიმ რა იცის მამობისა?), ჩემი მარიამი და საერთო შვილი საბუკა.

შენს მარიამს ხომ არ გაუჭირდა ირაკლისთან შეგუება?

- არა, არაჩვეულებრივად შეეწყვნენ ერთმანეთს. ირაკლი მარიამისთვის ოქროს თევზია. მე თუ რამეზე უარი ვუთხარი, ირაკლისთან მიდის და იცის, რომ ნებისმიერ თხოვნას შეუსრულებს. ჩემი ქმარი ძალიან კარგი მამა და პასუხისმგებლობის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. მან ყველაფერი, სახლიან-ქონებიანად შვილებს დაუტოვა, თვითონ მხოლოდ თავისი პირადი ნივთები წამოიღო და ჩემთან წამოვიდა. ასეც უნდა მოქცეულიყო. ჩვენ ახლა ვაკეში, ჩემი ძმის ბინაში ვცხოვრობთ, ჩემი ძმა და რძალი კი ჩემს მშობლებთან. გაგიკვირდებათ და, უცნაური გოგოა ჩემი რძალი, დედამთილ-მამამთილთან სურს ცხოვრება.

ეჭვიანია ირაკლი კოდუა?

- ზომიერად, მაგრამ ვინმეზე კი არ ეჭვიანობს, არამედ ჩემს სამსახურსა და საქმეზე. ბრაზდება, როცა შინ გვიან მიწევს მისვლა. მსაყვედურობს, რომ ბავშვებს ყურადღებას ვაკლებ. მე კი ვეუბნები: - შენ ხომ იცოდი, რომ ჟურნალისტი მოგყავდა ცოლად? მაშ, ნუღარ გიკვირს ჩემი რეჟიმი-მეთქი.

რა არის ბედნიერების საზომი?

- ჯანმრთელობა და მშვიდობა. აგვისტოს ომის მერე ბევრი რამ გადავაფასე და ახლა უკვე იოლად ვუყურებ ვიღაცის წასვლა-მოსვლას, ჭორებს და მსგავს სისულელეებს. დახოცილი ხალხის და შვილმკვდარი დედების ტკივილის კვალად რა უნდა აღიქვა ტრაგედიად? მე დღეს კარგად ვგრძნობ თავს, ვცხოვრობ საყვარელ მამაკაცთან და მისგან შვილი მყავს, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მსიამოვნებს და მიტაცებს... მაგრამ ბედნიერებას სრულყოფილად მაშინ ჩავთვლი, როცა ჩემს ქვეყანას დაკარგული ტერიტორიები დაუბრუნდება და მშვიდობა დამყარდება.