ამერიკის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაური, გენერალი უილიამ ფრეიზერი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დღეს ფოთის პორტში იმყოფებოდნენ. ამერიკელმა სტუმრებმა პორტის საზღვაო აკვატორია დაათვალიერეს და მის ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნენ.
ფრეიზერის თქმით, ფოთის პორტს ავღანეთიდან ნატო-ს კოალიციური ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოყვანისას, ასევე, სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მისივე ინფორმაციით, უკვე არსებობს თანამშრომლობის გამოცდილება ავღანეთში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. ამერიკული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება და ფოთის პორტის საკვანძო მნიშვნელობა ბოლომდე იქნება გამოყენებული.
საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები განიხილეს გუშინ, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც. ავღანეთიდან ნატოს კოალიციური ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოყვანის ალტერნატიულ გზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალ უილიამ ფრეიზერმა იმსჯელეს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ტრანსპორტირების სარდლობის ხელმძღვანელი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს.