ზურაბ წერეთელი: ლუჟკოვს მოსკოვმა ძეგლი უნდა დაუდგას

ზურაბ წერეთელი: ლუჟკოვს მოსკოვმა ძეგლი უნდა დაუდგას

- მოსკოვმა იური ლუჟკოვს ძეგლი უნდა დაუდგას, - ამის შესახებ მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში განაცხადა . – თუ არ დაუდგამენ, ამას მე გავაკეთებ.

წერეთელმა ლუჟკოვის მიმართ მადლიერებაც გამოთქვა, რადგან, მისი განცხადებით, ექს მერმა მხატვრებსა და ხელოვან ადამიანებს თავისუფლება მიანიჭა.

- მან შექმნა გალერეები, უამრავი თეატრი და მუზეუმი, ეხმარება მწერლებს. ღმერთმა ქნას, ახალ მერსაც ისეთი რაინდული სული ჰქონდეს, როგორიც ლუჟკოვს ჰქონდა, - აღნიშნა წერეთელმა.

პეტრე პირველის ქანდაკების მოსკოვიდან გადატანასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას კი წერეთელმა განაცხადა, რომ ძეგლი არა მას, არამედ რუსეთსა და მოსკოვს ეკუთვნის.

– ღვთის გულისათვის, მე უბრალოდ მოქანდაკე ვარ. თუ მათ ძეგლის გადატანა სურთ, დაე, უკეთეს ადგილზე გადაიტანონ. სანკტ-პეტერბურგი ითხოვს, რომ "პეტრე პირველი" იქ დაიდგას. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანს მისი საკუთარ აგარაკზე ხილვა სურს. დაე, წაიღონ, - განაცხადა წერეთელმა.

მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან 28 სექტემბერს დაითხოვა. ის ამჟამად მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეკანია.