„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა" და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ახლახან დაბრუნდა აშშ-დან და როგორც ჩვენთან განაცხადა, კონგრესისა და სენატის არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ამ ქვეყნის წამყვან პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებთან შეხვედრა:
- აშშ-ში ვიზიტი ერთობ დატვირთული გამოდგა. დღის განმავლობაში 5-6 შეხვედრა გვქონდა მე და პარტიის პოლიტიკურ მდივანს ნიკა ლალიაშვილს. სახელმწიფო დეპარტამენტში შევხვდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლებს, ვიცე-პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიული კვლევების ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტთან, ბატონ კრემერთან შეხვედრა. აღარაფერს ვამბობ მედიის წარმომადგენლებთან, მათ შორის "ვაშინგტონ პოსტსა" და სხვადასხვა ინტერნეტგამოცემაში გამართულ შეხვედრებზე.
ვცდილობდით, აშშ-ის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისათვის ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ობიქტური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რადგან აშშ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოში დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ხელისუფლების იძულების ყველაზე მეტი ბერკეტი აქვს.
აშშ-ის პოლიტიკურ ელიტასთან, გადაწყვეტილების მიმღებ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრისას საქართველოს არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც ვისაუბრეთ. თქვენთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ირანისკენ გადადგმული ნაბიჯის გამო დიდ მოკითხვას არ დამაბარებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან.
ამერიკის მმართველ პოლიტიკურ წრეებში შეშფოთება იგრძნობა ამ გადაწყვეტილების გამო. ძნელი ასახსნელია ის არაადეკვატური აქტიურობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიჩინა ირანთან ნაჩქარევი დაახლოებით მაშინ, როცა გაეროს უშიშროების საბჭოში, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო მონაწილეობს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც ბირთვული პროგრამის გამო ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
ასეთ ვითარებაში საქართველო მთელი მსოფლიოს საწინააღმდეგო მიმართულებით მიცურავს, რაც, ცხადია, გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ეს მახსენებს ანდაზას, - ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა და მერე სულ მოიგლიჯაო. სრულიად გაუმართლებელი იყო ირანთან უვიზო მიმოსვლის შემოღება, რითაც ვფიქრობ, დაზარალდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა. ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის აუღიარებლობის პოლიტიკის შენარჩუნება და ამ საკითხზე ირანის პოზიციაც.
გასაგებია, რომ მნიშვნელოვანია ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობა აქ ტურისტების შემოსვლის მეშვეობით, მაგრამ ამ საქმეში დინამიკის შენარჩუნება შეიძლებოდა სხვა მეთოდებითაც. აქედან გამომდინარეობს ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება და ეს უდევს საფუძვლად იმ კრიტიკულ ტონს, რომელიც მოვისმინე აშშ-ში შეხვედრებზე. დარწმუნებული ვარ, ასეთი მინიშნებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც გაკეთდებოდა.
უნდა ვაღიარო, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო სტრუქტურები ახლა უფრო აქტიურად მოქმედებენ, ვიდრე სრულიად დემორალიზებული და ძალაგამოცლილი კორუფციის ჭაობში ჩაფლული შევარდნაძის რეჟიმი, მაგრამ სააკაშვილმა ამ პოზიტიურ ცვლილებებსა და ძვრებს მიაღწია იმ ძირითად ვალდებულებებსა და დანაპირებზე უარის თქმით, რის გამოც მოხდა "ვარდების რევოლუცია".
შედეგად კი საქართველო კიდევ უფრო დაშორდა ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივას, ჩვენი უსაფრთხოების სისტემა კიდევ უფრო მოწყვლადია, ეკონომიკური მდგომარეობა კი, მიუხედავად ზოგადი ეკონომიკური პარამეტრებით ხელისუფლების ტრაბახისა, მეტად დამძიმდა. აღარაფერს ვამბობ თავისუფალ მედიაზე, რომელმაც ყველა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური გადაწყვეტილება დღის სინათლეზე უნდა გამოიტანოს. ამ მხრივ ნულოვან დონეზე ვართ. ახლა ყველას ერთად გვაქვს გადაწყვეტილება მისაღები, საქართველო ზემოთ წავა თუ ფსკერისკენ.
შესრულდება მედიაგამჭვირვალობაზე ხელისუფლების მოცემული პირობა?
- არ შეიძლება მედიის საკითხებზე ამოგლეჯილად მსჯელობა. შეუძლებელია მწყობრიდან გამოსული მანქანის ერთი ნაწილის შეკეთების შემდეგ იმედი გქონდეს, რომ ის დანიშნულების ადგილას მიგიყვანს. დღეს ქართული დემოკრატიის მანქანა მთლიანად გამოსულია მწყობრიდან. ამიტომაც მოვითხოვეთ ჯერ კიდევ ორი წლის წინ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. ამიტომ ვცდილობდით ქვეყანაში არსებული საპროტესტო მუხტის უფრო შედეგიანად გამოყენებას, ვიდრე ეს მოხდა.
შეცდომა კი არა, დიდი დანაშაული იყო პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების მოექსპერტო მრჩევლების რეკომენდაციებით მოქმედება. ამან ქვეყანაში ისეთი რადიკალიზაცია გამოიწვია, რომლითაც მხოლოდ სააკაშვილი გაძლიერდა.
რომელ შეცდომებს გულისხმობთ?
- პარლამენტში ოპოზიციის შეუსვლელობასა და ამის შემდგომ ყველა გადაწყვეტილებას. საკრებულოებში სწორედ ის პარტიები არიან წარმოდგენილი, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს საპარლამენტო მანდატების აღებაზე. შეცდომა იყო გაზაფხულის აქციების არასწორად წარმართვა და მიზნის არასწორად დასახვა. სწორ გეზს ორი წლის დაგვიანებით დავადექით. ორი წელი დავკარგეთ და ის შედეგები, რომელიც სხვადასხვა კვლევაში ჩანს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ქმედებებზე საზოგადოების ობიექტური რეაგირების ანარეკლია. საზოგადოება ან გაჯილდოებს თავისი მხარდაჭერით, ან აღარ გენდობა.
ოპოზიციის ნაწილი, რომელიც რვა პოლიტიკური ძალის ფორმატით მოლაპარაკებაში მონაწილეობს, მხოლოდ შექებას იმსახურებს, თუმც მათაც მიუძღვით წვლილი აპრილის აქციების გადაწყვეტილებებში. არ მახსოვს რომელიმე მათგანის გაბედული განცხადება საარჩევნო გარემოს შეცვლაზე ორი წლის წინ, როდესაც ამის მეტი შესაძლებლობა იყო.
სკეპტიკოსი ოპოზიციონერებისაგან მსმენია, რა მნიშვნელობა აქვს საარჩევნო გარემოს შეცვლას, თუ არჩევნებს ვანო მერაბიშვილი ჩაატარებსო.
- მაშინ შემოგვთავაზონ სხვა ალტერნატივა.
ოპოზიციის დიდი შეცდომა იქნება, თუ ერთმანეთისთვის იარლიყების მიკერება და მოღალატის ძახება გაგრძელდა. ჩვენ არასოდეს ვუქმნიდით საზოგადოებას ილუზიას, პოლიტიკური ბრძოლის ველზე არასოდეს შევვარდნილვართ გავეშებული ლომებივით და შემდეგ ჩასვრილი კურდღლებივით არ გავპარულვართ ზოგიერთივით.
ზედმეტი ბაქიბუქი - აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამო, ყელში ამოვიდა. თუკი ვინმეს რამის თავი აქვს, მშვიდობიანად გააკეთოს. სამოქალაქო დაპირისპირების, სისხლის ღვრისა და უბედურების წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები.
მაგრამ მივესალმები ქართველი ხალხის აქტიურობას სახალხო კრების ფორმატითა და ორგანიზებით. მივესალმები, თუ ქართველი ხალხის ერთი ნაწილი გამოხატავს პროტესტს და ხელისუფლებას დაანახებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არ ჩამკვდარა.
კრებაზე რომ თქვან, სადმე შევიჭრათო?!
- შევარდნასა და ხელ-ფეხის დამტვრევაზე განცხადებები მრავლად მოვისმინეთ და მადლობა ღმერთს, ეს არ მომხდარა, თორემ ვინ ვის მიამტვრევდა ხელ-ფეხს, ვნახავდით. ოპოზიციის ამოცანა არ უნდა იყოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში ერთმანეთის განადგურება, თუმც სავსებით მისაღებია, თუ ხელისუფლებას ვასწავლით ჭკუას.