ევროკავშირის ქვეყნები სანქციების მიუხედავად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს განაგრძობენ. აქედან გამომდინარე, ექსპერტები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასრულფასოვანია.
ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას იმ სახელმწიფოებზე ამახვილებენ, რომლებიც სანქციებს ემხრობიან, პარალელურად კი ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარს არ ამბობენ.
„სანქციებში არის ხვრელები, რომლებიც განპირობებულია იმით, რომ სანქციებს არ შეუერთდნენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ქვეყნები: ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ბრაზილია, არგენტინა. ბუნებრივია, რუსეთი იყენებს ამ ქვეყნებს თავისი საქონლის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, სადაც ეს აკრძალულია. მაგალითად, ჯერ კიდევ ზაფხულში დაიბეჭდა შესანიშნავი ამერიკელი ეკონომისტის წერილი, თუ როგორ ყიდულობს ამერიკა რუსულ ნავთობს. ნედლ ნავთობს რუსეთს ყიდის ინდოეთზე, იქ ხდება ნავთობის გადამუშავება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ჩინეთის საპირწონედ ინდოეთის გაძლიერება უნდა, ინდოეთიდან ნავთობპროდუქტებს ყიდულობს აშშ. სინამდვილეში ეს რუსული ნავთობია. გამოჩნდა სხვა პუბლიკაციებიც: მაგალითად, ლატვია ყიდის ე.წ. ლატვიურ ნაზავს, სადაც 49% რუსული ნავთობია. ამის მყიდველები არიან არა მხოლოდ ევროპული ქვეყნები, არამედ აშშ-იც. გამოიკვეთა, რომ დიდ ბრიტანეთში შედის რუსული ნავთობი, შუამავალი კომპანიები არის გერმანიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში. გულდასაწყვეტია, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებიც პოლიტიკურად ძალიან მტკიცედ დგანან სანქციების მხარდამჭერთა რიგებში, ეკონომიკურად აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას“, - აცხადებს აკამედიკოსი ლადო პაპავა.