სააკაშვილს არაფერი სჭირს გარდა იმისა, რომ მძიმე ფიზიკური მდგომარეობა აქვს. ის არ იტანჯება, თვალთმაქცობს, ფარისევლობს, ასე ვთქვათ, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, დაუშვებელია, რადიკალური ოპოზიციისა და ლობისტების ზეწოლით სააკაშვილმა პატიმრობას თავი დააღწიოს, რადგან ეს იქნება ცუდი მაგალითი ახალგაზრდებისთვის.
„აქ საუბარი მარტო სააკაშვილზე არაა. რომ მოხდეს ისე, გამორიცხულია, მათ გამოაძვრინონ და სადღაც გააძვრინონ, მაშინ სახელმწიფოს კანონიერება, ინსტიტუტები აღარ არსებობს და ჩვენ საშინელ მაგალითს ვაძლევთ ახალგაზრდობას. რომელსაც ვეუბნებით, რომ შენ შეიძლება ყველაფერი ჩაიდინო: სამშობლოს უღალატო, ადამიანები მოკლა, გააუბედურო, მაგრამ მოიხვეჭო მილიარდები და გამოძვრე. ამიტომ, ეს გამორიცხულია და მჯერა, რომ ეს არ მოხდება“, - განაცხადა ბარამიძემ.
მან ასევე ისაუბრა, უნდა გამოავლინოს თუ არა სახელმწიფომ ჰუმანიზმი სააკაშვილის დანაშაულის მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ბარამიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ჰუმანიზმი ნებისმიერი პატიმრის მიმართ.
„ასევე ავლენს სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ზედმეტი ფერებაც არ ვარგა. არაფერი მას არ სჭირს. საზოგადოებას შევახსენებ. 22 წლის წინ, შევარდნაძის მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მრჩეველმა, ბატონმა მირიანაშვილმა, გარდაცვლილია, სააკაშვილის ქცევების გამო იუსტიციის მინისტრ სააკაშვილს მიმართა - „თქვენ ხართ ცნობილი გიჟი“. იმის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. არ არის ეს სტიგმატიზება. ეს ფაქტია, თავად გვიჩვენებს თვის თავს.
მას არაფერი სჭირს გარდა იმისა, რომ მძიმე ფიზიკური მდგომარეობა აქვს. ის არ იტანჯება, თვალთმაქცობს, ფარისევლობს, ასე ვთქვათ“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.