„ბათუმი ჩემი ვაჟიშვილი... უფრო ზუსტად, ქალიშვილია. ის ხომ გოგოა

„ბათუმი ჩემი ვაჟიშვილი... უფრო ზუსტად, ქალიშვილია. ის ხომ გოგოა"

თუ პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა გნებავთ, გასწავლით ყველაზე იოლ ვარიანტს - ჩამოიცვით პარიკი, გაასაღეთ თავი რუს ან უკრაინელ ჟურნალისტად, დაირქვით ლარისა, ოლგა ან ქსენია და შედეგიც გარანტირებულია.

როდესაც ზემოხსენებული მეთოდით პრეზიდენტთან მოხვდებით, ძალიან საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებთ.

აღმოჩენა 1: ქართულ ქალაქებს სქესი ჰქონიათ. მაგალითად, რუსული „ნოვაია გაზეტას" ფურცლებზე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მან ბათუმი იშვილა და ეს ქალაქი მდედრობითი სქესის ყოფილა.

პირველ რიგში, ალბათ, მიხვდით, რომ „ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი ლარისა მალიუკოვა ჩვენს პრეზიდენტთან შემდეგი სქემით მოხვდა: თბილისში ჩამოსვლა - პრეზიდენტის თვითმფრინავი - ბათუმი - ვახშამი ბატონ მიხეილთან ერთად.

„უდოჩერილ" და „უსინოვილ" ქართულად ზუსტად არ ითარგმნება, თუმცა როგორც ითარგმნება, ჩვენც ისე დავწეროთ.

„ბათუმი ჩემი ვაჟიშვილი... უფრო ზუსტად, ქალიშვილია, ის ხომ გოგოა", -  უთხრა სააკაშვილმა ჟურნალისტს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში.

შეგიძლიათ დატკბეთ აღმოჩენით: ქალაქ-მუზეუმებისა და გმირი ქალაქების კატეგორიას მიემატა კაცი ან ქალი-ქალაქები. ისე, კარგი იქნება, სააკაშვილი თბილისელებს თუ დაგვიზუსტებს, ქალ-ქალაქში ვცხოვრობთ თუ...

აღმოჩენა 2: პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა: „აქეთ პუტინია მომდგარი, იქით კი ბოშების ბარონები".

რუსმა ჟურნალისტმა, ქართველი ტელეთუთიყუშებისგან განსხვავებით, შეამჩნია თბილისში მათხოვარი ბავშვები და სააკაშვილსაც მოახსენა.

„ეგენი ყველანი ბოშები არიან. ჩვენ შევეცადეთ, ისინი ინტერნატში მოგვეთავსებინა; შევეცადეთ, მათ ბარონებს მოვლაპარაკებოდით, მაგრამ რთულია მათთან შეთანხმების მიღწევა. სამაგიეროდ, ჩვენს დევნილებსა და ღატაკებს, ფაქტობრივად, ვერ ნახავთ. ყველანი მოწყობილი არიან", - მიიღო პასუხი!!!

თურმე კობა სუბელიანი, ჩვენ რომ დევნილთა და განსახლების მინისტრი გვეგონა, ბოშათა ბარონი ყოფილა.

თუ სუბელიანი ბოშათა ბარონი არ არის, ხელისუფლების საქმე უფრო ცუდადაა; გამოდის, რომ სააკაშვილის სისტემამ მხოლოდ ბოშათა ბარონების დამარცხება ვერ შეძლო, ამიტომ  ოპოზიციას შეუძლია, უძლეველ ბარონებთან ალიანსი, უფრო ზუსტად, ოპოზიციურ-ბოშური „ტაბორი" შექმნას და იარონ აღმა-დაღმა,  მეტს მაინც არაფერს აკეთებენ.

აღმოჩენა 3: ქართველებს ერთი უცნაური თვისება გვქონია.

„ქართველებს კინოს გადაღება უყვართ, ყურება - არა. ბათუმში მშვენიერი კინოთეატრი იყო, მაგრამ ხალხი არ დადიოდა. სამაგიეროდ, ოპერა ხელახლა ავაშენეთ", - თქვა პრეზიდენტმა.

მართალია, ოპერაში იმდენი ხალხი დადიოდა, ახალი და დიდი ოპერის თეატრი გვჭირდებოდა. მოკლედ, თუ არ იცით ინგლისური, კომპიუტერი და ოპერაში არ დადიხართ, თქვენი ადგილი ამ აყვავებულ ქვეყანაში არ არის!

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა იქნება 2013 წლის შემდეგ, როდესაც სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება. „ასე შორს არ ვგეგმავ", - უპასუხა პრეზიდენტმა. ეს აღმოჩენად ვერ ჩაითვლება,  რადგან ხელისუფლება შორსმხედველი რომ არ არის, ისედაც ვიცით.

ამ ნახევრად ინტერვიუს და ნახევრად ჩანახატს ჟურნალისტი ლარისა მალიუკოვა ასე ამთავრებს:

„სრულ სიჩუმეში საბურავების ხმა გაისმა. ჩვენ სამი ველოსიპედისტი და სამი სკუტერი დაგვეწია... მთავარი ველოსიპედისტი - საქართველოს პრეზიდენტია. მას ველოსიპედისტის ჩაფხუტი ახურავს, ელასტიკური შარვალი და ლაკის ფეხსაცმელი აცვია... მას ჩვენი გაკვირვება უნდოდა და გაგვაკვირვა"...

თქვენ ჩვენი გაკვირვება იკითხეთ, ძვირფასო ლარისა ივანოვნა.