რა ეჭვი გაუჩნდა ინგა გრიგოლიას ხოფერიას ბოლო გადაცემის შემდეგ?

რა ეჭვი გაუჩნდა ინგა გრიგოლიას ხოფერიას ბოლო გადაცემის შემდეგ?

ინგა გრიგოლია:

- მე მართლაც არ ვიცი დეტალები ამ საქმის, ეთერიდან გავიგე მისი წასვლა. შევეხმიანე, ვესაუბრე და გამოვხატე ჩემი პატივისცემა და სიამაყე მისი საქციელის გამო.

ეკა ხოფერიამ მოახერხა ის რაც ვერც ერთმა ჟურნალისტმა ვერ მოახერხა. მე მართლა აღფრთოვანებული ვარ მისი საქციელით. მე მას ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ დღევანდელის შემდეგ ეს პატივისცემა გაათმაგდა. მე ვიცი რასაც ნიშნავს „რუსთავი-2“-ზე მუშაობა და ამ ნაბიჯის გადადგმა. მე პირადად არხის ხელმძღვანელობისგან არ განვიცდი ზეწოლას და როცა ხელისუფლება უარს ამბობს მოსვლაზე, შემიძლია გავაკეთო გადაცემა მათ გარეშე, რაც ეკასთან შეუძლებელი იყო.

მე ვიცნობ ეკას და ვიცი რომ ეს არანაირად არ იქნებოდა, მისი ერთდღიანი განწყობილების შედეგი. ერთხელ ყურში ნათქვამი თუნდაც შეურაცხყოფელი სიტყვა მას ამ გადაწყვეტილებას ვერ მიაღებინებდა. ეს მიჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ ეს განწყობა, პროტესტი გროვდებოდა, გროვდებოდა და ამოხეთქა. თუ ეს ასეა, ეს გამოხატულებაა ხელისუფლების და თავისუფალი სიტყვის ურთიერთობის.

ეკა ხოფერიას ნაბიჯი შეცვლის ჩემს გადაცემასაც. „რეაქციაში“ მე გირგვლიანის თემა მაქვს, მაგრამ ამავდროულად დიდწილად გადაცემა ეკას ამ ნაბიჯსაც მიეძღვნება. საერთოდ ვთვლი რომ ეკას ეს ნაბიჯი იყო სანდროს თემის პიკი.

მე შევთავაზე კიდეც ეკას რომ მონაწილეობა მიეღო „რეაქციაში“ და საზოგადოებისთვის ეთქვა რისი თქმაც სურდა, მაგრამ მან თავი შეიკავა.

გამორიცხავთ მის მონაწილეობას „რეაქციაში“?

- საერთოდ ეკა პრინციპული ადამიანია და გადაწყვეტილებებს ასე იოლად არ ცვლის. თუმცა თუ სურვილი გაუჩნდება, ძალიან გამიხარდება. მისი განცხადების შემდეგ მე გამიჩნდა ერთი სერიოზული ეჭვი.

კერძოდ?

- ის რომ მას მოსთხოვეს ბოლო, შემაჯამებელი სიტყვის მიცემა დათა ახალაიასთვის, რაც გადასარევად ვიცით რასაც ნიშნავს. ეს მიჩენს ეჭვს, ხომ არ იგეგმება  დათა ახალაიას და დანარჩენების რეაბილიტაცია? თუნდაც მათი დაბრუნება თანამდებობაზე? სხვა რა უნდა იფიქრო როდესაც დამაგვირგვინებელ სიტყვას ითხოვენ ადამიანისთვის, რომელსაც გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთად ასახელებს? ხომ არ იგეგმება ახალაიას და საერთოდ ამ ტიპების რეაბილიტაცია?