ვფიქრობ, 2023 წელს რადიკალური ჯგუფები, რომელიც ჯერ კიდევ გვყავს, საბოლოო ჯამში იძულებულები იქნებიან დათმონ თავისი რადიკალიზმი და დაუბრუნდნენ ნორმალურ დემოკრატიულ კალაპოტს საქმიანობის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი მიღწევაა, რომ საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი რადიკალიზმს.
„მთავარი მიღწევა, რაც ჩვენ საზოგადოებას აქვს, არის ის, რომ საბოლოო ჯამში მან პასუხი გასცა რადიკალიზმს და საბოლოოდ უთხრა უარი რადიკალიზმს. ამიტომ ვფიქრობ, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რას იზამენ რადიკალები, რამდენადაც მნიშვნელოვანია, რა რეაქცია აქვს ამაზე საზოგადოებას. იყო პერიოდები, როდესაც საზოგადოება გარკვეულ პროპაგანდისტულ ემოციურ გზავნილებს შეიძლება აჰყოლოდა და ჰქონოდა ამაზე ემოციური რეაქცია, მაგრამ ვფიქრობ ძალიან კარგად ისწავლა ჩვენმა საზოგადოებამ, რომ გაარჩიოს ერთმანეთისგან, რა არის აღქმა და რა - რეალობა. ვფიქრობ, ამ მხრივ მთავარი რაც იქნება, რომ 2023 წელს ის რადიკალური ჯგუფები, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს, საბოლოო ჯამში იძულებულები იქნებიან დათმონ თავისი რადიკალიზმი და დაუბრუნდნენ საქმიანობის ნორმალურ დემოკრატიულ კალაპოტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.