შეიძლება კუბილიუსზე, ფოტიგაზე, ფონ კრამონზე ლაპარაკი? ესენი არიან პოლიტიკური კორუფციონერები და ეს ჩანს პირდაპირ. რასაც ისინი აკეთებენ, ამას კეთილსინდისიერი ადამიანი, ევროპარლამენტარი არასდროს არ იკადრებს, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედება.
„მათ მშვენივრად იციან, რა დღეშია სააკაშვილი. განსხვავებით ფართო საზოგადოებისა, ხელისუფლების წარმომადგენლები გამუდმებით აწვდიან ინფორმაციას მათ და ეუბნებიან, შეხედეთ, რა ხდებაო. მიუხედავად ამისა, გამოდიან და რას ლაპარაკობენ. როგორ შეიძლება მოუწოდებდე პოლიტიკურ პარტიას, გამოუშვან პატიმარი. როგორ უნდა გამოუშვას „ქართულ ოცნებამ“ პატიმარი? ევროპელი კანონმდებელი მოგიწოდებს პოლიტიკოსს, რომ გამოუშვი პატიმარი, ადამიანი, რომელსაც მისჯილი აქვს. ეჭვქვეშ ხომ არ აყენებენ მის დანაშაულს, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედება. ეს იგივეა სტრასბურგის სასამართლოს ევროკავშირის პარლამენტის წევრმა უთხრას, რომ გამოუშვას ვიღაც დამნაშავე. წარმოგიდგენიათ სად არიან?! ეს ყველაფერი უკვე ფსკერს ქვემოთაა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.