შესაბამისი უწყება ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, სააკაშვილის შემთხვევაშიც იგივე მიდგომებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს ძალიან ცუდია.
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის შემოვიდოდა კონტრაბანდისტულად, მანამდე ჩაიტარა ოპერაცია კუჭზე. შესაბამისად, ძალიან მარტივია, როცა პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მე, რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. სხვა, თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე ნაკლები უნდა ისაუბრონ, რადგან პატიმრის ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს.
„პოლიტიკოსები საუბრობენ ყველაზე მეტს. პოლიტიკოსებმა ყველაზე ნაკლები უნდა ისაუბრონ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსებმა მივხედოთ ჩვენს საქმეს. დანარჩენი, შესაბამისი უწყება მიმართავს პატიმარს და შესაბამისი უწყებები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფენ ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.