(იბეჭდება შემოკლებით)
რამდენიმე თვის წინ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა, კახა ლომაიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პირველებში“ თსუ-ს ალტერნატიული საბჭოს ადვოკატს, მალხაზ პატარაიას მატყუარა ეძახა. ბატონ მალხაზს კარგად ახსოვს, რის გამო გალანძღა იგი მინისტრმა პირდაპირ ეთერში.
„მაშინ მინისტრი ირწმუნებოდა, რომ სტუდენტური სესხები უპროცენტო იქნებოდა და სტუდენტებს არავითარი თავდები არ დასჭირდებოდათ. ამის გამო შევეკამათე და მატყუარა მეძახა“, - იხსენებს ადვოკატი.
„პირველებში“ უნივერსიტეტის მეამბოხე პროფესორი, ჯემალ მებონიაც იყო მიწვეული. ბატონი ჯემალის ვაჟი წელს ჩაირიცხა ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში და მამამ შვილისთვის მინისტრის მიერ ფართოდ რეკლამირებული, ნოვაციად გამოცხადებული სტუდენტური სესხის აღება გადაწყვიტა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ სტუდენტურ სესხს ბანკები ჩვეულებრივ, როგორც რიგითი მოქალაქეებისთვის, მაღალი პროცენტით გასცემენ.
„უპრეცედენტო“ სტუდენტური სესხების შესახებ „სარკემ“ რამდენჯერმე მოუთხრო თავის მკითხველს, რის გამოც განათლების მინისტრის და მისი პრესსამსახურის უფროსის, ლევან გახელაძის რისხვა დაიმსახურა. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოთი ინფორმაციაც გაავრცელა, „მამხილებელი“ სათაურით: „სარკე“ ცრუობს“. ანუ ტყუილი ყოფილა, როცა ვწერდით, რომ სტუდენტური სესხი სტუდენტისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს - ვეღარც სწავლა შეძლოს და ოჯახიც ვალებში ჩააგდოს.
სტუდენტურ სესხებს 4 ბანკი გასცემს. ოფიციალურად ყველგან გეტყვიან, რომ სესხის წლიური პროცენტი 12-დან 18%-მდეა, თუმცა „სარკემ“ 14-15-ზე ნაკლებპროცენტიანი სესხი ვერსად აღმოაჩინა. ეს კი ჩვეულებრივი საბანკო პროცენტია. „საქართველოს ბანკის“ სტუდენტური სესხის გაცემის ცენტრი დიდუბის საგამოფენო პავილიონშია მოწყობილი. სესხის აღების მსურველს ბანკის თანამშრომლები არასრულ ინფორმაციას აწვდიან. ეუბნებიან, რომ მათი სესხის პროცენტი 1,5-ია (ანუ თვეში 1,5 პროცენტი). წლიურად კი 18% გამოდის. ბანკის თანამშრომლებს ხანდახან საერთოდ იმის თქმაც კი ავიწყდებათ, რომ სესხი პროცენტიანია. მოქალაქეებს კი ჰგონიათ, რომ მინისტრი ლომაია რეკლამაში მათ უპროცენტო სესხზე უყვება.
„საქართველოს ბანკში“, „თიბისი ბანკში“, ბანკ „რესპუბლიკაში“ და „ბაზისბანკში“ პროცენტული გადასახადი თითქმის ერთნაირია - 12-დან 24%-მდე. მაშინ, როცა საზღვარგარეთის ქვეყნებში წლიური სტუდენტური საპროცენტო განაკვეთი 3-4%-ია.
ჯემალ მებონია. უნივერსიტეტის პროფესორი:
- ივნისის თვეში ინგა გრიგოლიასთან მინისტრმა ლომაიამ განაცხადა, რომ ვინც ჩაირიცხება, ყველას ექნება უპროცენტო სესხის აღების საშუალებაო. თავი მოიწონა. მაშინ ჩვენი ადვოკატი შეეპასუხა, არ არსებობს, ბანკმა უპროცენტო სესხი გასცესო. მაშინ მინისტრმა მალხაზს მატყუარა უწოდა - საზოგადოება შეცდომაში შეგყავს, არ იცი და ისე ლაპარაკობო. არადა მინისტრი ატყუებს საზოგადოებას.
საკმაოდ მნიშვნელოვანი წლიური საპროცენტო გადასახადია. ბანკი „რესპუბლიკის“ ბუკლეტში წერია, რომ ვინც მიიღებს 70%-იან ან 50%-იან დაფინანსებას, მხოლოდ მათ ეძლევათ სესხები. ვისაც აქვს 100%-იანი დაფინანსება, მაგრამ კერძო სასწავლებელში უნდა სწავლა და იქ მეტია გადასახადი, შეუძლია აიღოს სესხი. მაშინ ის ყოველწლიურად გადაიხდის 14%-ს. იმ წლის პროცენტი ემატება მეორე წლისას. 16%-ს იხდის ის, ვისაც აქვს 70%-იანი დაფინანსება და 18%-ს იხდის ის, ვისაც 50%-იანი აქვს. ვისაც ნაკლები აქვს, მას საერთოდ არ აძლევენ სესხს. ვისაც აქვს 100%-იანი ან 70%-იანი, მას სჭირდება ორი სტაბილური შემოსავლის მქონე პირი თავდებში, ისე არ მისცემენ. ვისაც აქვს 50%-იანი დაფინანსება, მათ შეუძლიათ, მოსთხოვონ ქონების დაგირავება.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ გჭირდებათ 3 ათასი ლარი, 4.036 ლარის გადახდა მოგიწევთ. ეს თითქმის 35%-ია. 1800-ის მაგივრად - 2280 ლარი, ესე იგი, 25% და ა.შ. მინისტრმა თავის დროზე ტყუილებით გააბრუა საზოგადოება და ახლა ისე იქცევა, ვითომც არაფერი. მიდიან ადამიანები და იღებენ სესხს. რადგან ახლა არ აქვთ გადასახდელი, ფიქრობენ, მერე რა მოხდა, 4-5 წლის მერე გადავიხდითო. არადა ახალგაზრდებს ვალები უგროვდებათ.
ჩემი შვილიც ჩაირიცხა წელს და 70%-იანი დაფინანსება მიიღო. როცა ბანკში პირობები გაიგო, გავოგნდი! ხომ ნახეთ, უნგრეთში პრემიერმა ერთი ტყუილი თქვა, ცოტა გადაჭარბებული ვთქვი ეკონომიკის მიღწევებზეო და ერთი ამბავი ატყდა. სამოქალაქო საზოგადოება ისეთ დონეზეა იმ ქვეყანაში, რომ იმ ხალხის მშურს. ჩვენ ამდენ ტყუილს ვისმენთ და ხმას არავინ იღებს. სიტყვა-სიტყვით მახსოვს, მინისტრმა რომ თქვა, ეს სესხი უპროცენტო იქნებაო.
მალხაზ პატარაია ადვოკატია და მან ჩემზე უკეთ იცის ბანკის მუშაობის პრინციპები. უთხრა, არ არსებობს მსოფლიოში ბანკი, რომელიც უპროცენტო სესხს გასცემსო. ატყუებ საზოგადოებას, არ იცი და ისე ლაპარაკობო. გალანძღა ლომაიამ. მაშინ ვიფიქრე, მინისტრია და ასეთ ტყუილს როგორ იტყვის-მეთქი. მერე ვიკითხე კიდეც სპეციალისტებში, ჩვენი ადვოკატი ასე რომ შეეპასუხა, მართალია თუ არა-მეთქი. მითხრეს, მინისტრი ტყუილს იტყოდა, არ შეიძლება ბანკმა უპროცენტო სესხი გასცესო. ბავშვები ამას ისმენენ. განათლების მინისტრი უნდა იყოს მისაბაძი ინტელექტით და მორალით. იმუქრება, პროფესორები ხულიგნები არიან, უნდა დაიჭიროთ, ვიღაც უნდა დაისაჯოსო. როგორ შეიძლება, ასეთი განათლების მინისტრი ჰყავდეს ქვეყანას, რომელიც ყოველ წუთს იტყუება და იმუქრება?!
მალხაზ პატარაია, ადვოკატი:
- მინისტრმა გადაცემაში თავისი მოწოდება იმით დაიწყო, რომ ფასიანი სასწავლებლების სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა და შემცირდა უფასოების, ნაწილი ნახევარს იხდის, ნაწილი - მთლიანსო. განაცხადა, ბანკებთან მოლაპარაკება ვაწარმოეთ და ისინი გასცემენ სესხს, რომელიც უპროცენტო იქნება და ამისთვის საჭიროა, ერთი ახლობლის 150 ლარიანი ხელფასიო. ეჭვი შემეპარა. ვუთხარი, რომ ეს იყო ჩვეულებრივი საბანკო გარანტია, რასაც სამოქალაქო კოდექსის ენაზე თავდებობა ჰქვია და არა ცნობა, თუ სტუდენტი არ გადაიხდის თანხას, მაშინ თავდებია ვალდებული, გადაიხადოს ეს თანხა, თავდებობა და პროცენტი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული-მეთქი. ეს რომ ვთქვი, მითხრა, ტყუიო. ვუპასუხე, მე კი არა, შენ ტყუი-მეთქი. მერე კი თქვენს ჟურნალში წავიკითხე ინტერვიუ ბანკირებთან, რომლებიც უფრო მძიმე პირობებზე ყვებოდნენ, ვიდრე მოველოდი.
ერთის მაგივრად უცბად ორი თავდები აღმოჩნდა საჭირო. ზოგი ბანკი ყოველთვიურად ახდევინებს და არა - სწავლის დამთავრების შემდეგ. მერე რაღაც შავ სიაში შეყავთ თურმე... პრაქტიკულად ლომაია ბანკებს ფულს აკეთებინებს. ჩვეულებრივი პროცენტია გადასახდელი და ლომაიამ იცრუა. თან გადაცემაში მოვუწოდე, მოქალაქეს ელაპარაკები და მინისტრ კაცს არ გეკადრება, მატყუარას რომ მეძახი-მეთქი. რომ გავშიფრე, ვინც ხელფასის ცნობას მიიტანს, ის თავდებია-მეთქი, სად წერიაო - მკითხა. ვუთხარი, სამოქალაქო კოდექსში წერია, როცა ცნობას ითხოვ, ესე იგი ის კაცი გარანტორია და ამას იმისთვის ითხოვ, რომ იმან იკისროს გადახდა, როცა მსესხებელი ამას ვერ შეძლებს-მეთქი.
როგორ ფიქრობთ, ლომაიამ ეს არ იცოდა თუ შეგნებულად იცრუა?
- მთლად ასეთი გაუნათლებელი არ უნდა იყოს, რომ ასეთ ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვეოდეს. აშკარად იცრუა, რადგან ბანკირებთან ხომ დაჯდა და ხომ უთხრა, სესხი უნდა გასცეთო. პროცენტზე კითხვა მაშინვე გაჩნდებოდა, რადგან არცერთი ბანკი არ მისცემდა პროცენტის გარეშე სესხს. მეგონა, ალბათ ძალიან დაბალი პროცენტი იქნება-მეთქი. ახლა კი გამოჩნდა, რომ ეს ჩვეულებრივი საბანკო პროცენტია. თვეში პროცენტნახევარი, ორი პროცენტი ჩვეულებრივი საბანკო პროცენტია და ეს არანაირი შეღავათი არ არის. ბანკები აშკარად იხეირებენ ასეთი ოპერაციებით.