გია სურამელაშვილი: რას ვაკეთებ შუქი რომ ქრება და წყალი წყდება?! – ეგრევე არანორმალური ვხდები, ჭკუიდან გადავდივარ. არაფრით არ შემიძლია მოთმენა და დისკომფორტის ატანა. რა სიმშვიდე, რას ამბობ! ვგიჟდები, მაშინვე განწყობა მიფუჭდება, თანაც ისე, რომ არაფრის გაკეთება აღარ მინდა. დაგეგმილი შეხვედრაც შემიძლია გადავდო, იმიტომ, რომ მაინც არ გამოვა საქმე. ჩემთვის ყველა პრობლემა მოგვარებადია, უშუქობის, უგაზობისა და უწყლობის გარდა.
კი მაგრამ, ეგ ყველაფერიც რომ ადვილად გვარდება?
- ჩემთვის - არა. ორ საათსაც ვერ გავუძლებ. უშუქობას და უგაზობას გავექეცი მე საქართველოდან, მართლა გეუბნები. ის პერიოდი რომ მახსენდება, ცუდად ვხდები. მით უმეტეს, რომ მაშინ აქ არ ვცხოვრობდი. ხანდახან ჩამოვდიოდი რამდენიმე დღით და მაშინაც გაქცევაზე ვიყავი. ყველა იმ ადამიანის მდგომარეობაში შევდივარ, ვინც ეს კოშმარი გადაიტანა. საშინელებაა. გეუბნები, თუ შემთხვევით წყალი შეწყდება ან შუქი „წავა“, იმ დღეს საერთოდ „ვკარგავ“. გავრბივარ უკანმოუხედავად, მომენტალურად.
სად, სადაც შუქი და წყალია?
- ყოველ შემთხვევაში, ვეცდები, ეგეთ ადგილზე წავიდე.
საკუთარი ხელით რას შეაკეთებ?
- მე მგონი, ვერაფერს. თუმცა, ლურსმანს ისე მივაჭედებ კედელზე, რომ ჩაქუჩს ხელში არ ჩავირტყამ და დავკიდებ სურათს. ეს ნამდვილად შემიძლია.
ონკანს ვერ გამოცვლი? სადენს ვერ გადააბამ?
- ვერა, ვერა! არ არის ეგ ჩემი საქმე.
ხელოსანს მაინც ვერ გამოიძახებ ოპერატიულად?
- თუ მაქვს მისი ტელეფონის ნომერი გამოვიძახებ, მაგრამ, არასდროს დამჭირვებია. ისეთი მეგობრები მყავს, ისინი აგვარებენ ასეთ პრობლემებს ჩემ ნაცვლად.
დარწმუნებული ვარ, „ცხელი ხაზითაც“ გისარგებლია.
- რა თქმა უნდა. მაგრამ, ჩხუბითა და წიოკით არ ვრეკავ, ხოლმე, მშვიდად ვეკითხები, რამდენ ხანში მოგვარდება პრობლემა-მეთქი. რომ ვიჩხუბო, რა აზრი აქვს, მათი ბრალიც ხომ არ არის?
გსიამოვნებს საყიდლებზე სიარული?
- ძალიან. ვგიჟდები, ისე მიყვარს. მაგრამ, იმის გამო, რომ ყველა მცნობს, ამ სიამოვნებას მოკლებული ვარ. საქმე ის კი არ არის, რომ არ მომწონს, როცა ყველა მიღიმის და კომპლიმენტებს მეუბნებიან. პირიქით, ყურადღება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მერიდება ყურადღების ცენტრში ყოფნა. ვიბნევი და ლამის ვკომპლექსდები. ვცდილობ, მანქანამდე სწრაფად მივიდე და ჩავჯდე.
ვერ შეეჩვიე პოპულარობას?
- ვერა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი წელია, სულ ყურადღების ცენტრში ვარ. ეტყობა, ეს ჩემი ხასიათია. დიდი მადლობა ყველას, მაგრამ, მართლა ბავშვივით ვწითლდები და მერიდება.
ფასებს ხომ არ გიმატებენ?
- არა, რას ამბობ! პირიქით, მიკლებენ და ზოგჯერ მჩუქნიან კიდეც. არაჩვეულებრივი გრძნობაა, როცა ხალხს ასე უყვარხარ. მართლა ძალიან სასიამოვნოა. მთავარი ფული არ არის. ამით რომ გამოხატავენ სიყვარულს, ის მახარებს. ამ მხრივ ძალიან განებივრებული ვარ.
პროდუქტის საყიდლად გაიშვები?
- როგორ არ გავიშვები! მე სერიოზული გურმანი ვარ, ჩემო კარგო, და სერიოზულ კერძებსაც ვამზადებ. ისეთი გემრიელი ხელი მაქვს, ყველა გიჟდება. იცი, რა ხარჩოს, საცივს, ტოლმას, ყაურმას და ჩახოხბილს ვაკეთებ?! გადასარევს. ამიტომ მარკეტებში დიდი სიამოვნებით დავდივარ, ყველაფერს კარგს და ხარისხიანს ვყიდულობ. მომწონს ეგზოტიკური გემრიელობები. არც ექსპერიმენტების მეშინია. თევზეული განსაკუთრებით მიყვარს. თევზს ვწვავ და მაიონეზის ბაჟეში ვაწყობ. ისეთი გამოდის, თითებს ჩაიკვნეტ.
გვასწავლე შენი საფირმო ბაჟე.
- მაიონეზში შევურევ უცხო სუნელს, ზაფრანას, ბლომად ნიორს, ძალიან წვრილად დაჭრილ ან დანაყილ ქინძს, ცოტა წვრილად დაჭრილ კამას, მარილს და ცოტა წყალს. ავურევ ამ ყველაფერს კარგად და დაბრაწულ თევზს ჩავაწყობ შიგ. მე თევზს წინასწარ ვაცლი ფხას, რომ მერე არც მე ვიწვალო და რაც ჩემმა სტუმარმა. წყალიც ბევრი არ უნდა მოგივიდეს, რომ ბაჟე წყალწყალა არ გამოვიდეს. ცნობილი კულინარი ვარ, აბა?! ვინც ჩემი მომზადებული კერძი გასინჯა, გაოგნდა, ვერ იჯერებდნენ. გემრიელად ჭამა რომ მიყვარს, გემრიელადაც ვამზადებ. მაგრამ მაქვს პერიოდები, როცა დიეტის გარეშე არ გამოდის. ცოტას რომ დავმძიმდები, ხოლმე, ნაკლებს ვჭამ, უფრო სწორად, აღარ ვჭამ. დილაობით ვსვამ ერთ ან ორ ჭიქა ყავას ძალიან ცოტა შაქრით და საღამოს შეიძლება შევჭამო ცოტა სალათა. თუ ვსვამ, მაშინ საერთოდ ძალიან ცოტას ვჭამ. მე საკმაოდ ხშირად და ბევრს ვსვამ. მეორე დღეს კი უკვე უარს ვეღარ ვეუბნები საკუთარ თავს, გემრიელ ხინკალსა და ქაბაბზე.
ანუ, პახმელიაზე ხინკლით გამოდიხარ?
- კარგი ხინკალი, კარგი ქაბაბი...
კარგი არაყი...
- რა თქმა უნდა. მერე რა, რომ შეიძლება, „შეგიბრუნოს“. თუ ხასიათზე ვარ, რატომაც არა, რა ჯობია ქეიფს! თეთრი ღვინო მიყვარს, შავს საერთოდ არ ვსვამ, მწყენს. კარგი თეთრი ღვინით კარგია ქეიფი.
ფულის ყადრი იცი?
- ახლა ცოტა ვისწავლე, რაც ფული ძნელი საშოვნელი გახდა, მაგრამ, ზოგჯერ მომინდება ხოლმე, საკუთარ თავს გავუკეთო საჩუქარი. განსაკუთრებით მაშინ, როცა გაბრაზებული ვარ. მაგის დედაც-მეთქი, ვამბობ, გამოვიძახებ მანქანას, მივდივარ და ჩემთვის ძვირფას სუნამოს ვყიდულობ.