ჩემთვის გამაოგნებელია, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი ოლივერ ვარჰეის აკრიტიკებს, როგორც ჩანს, ვიღაცას არ უნდა, რომ ევროკავშირში მიგვიღონ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მისთვის ზოგადად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ანტიდასავლური რიტორიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისგან.
„როგორც აღმაშფოთებელია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ანტიდასავლური განცხადებები ევროპარლამენტარებზე, ისევე აღმაშფოთებელია ოპოზიციისგან გაკეთებული მსგავსი განცხადებები. თან ვისზე?! ოლივერ ვარჰეი არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. ანუ ჩვენ მივიღებთ თუ არა სტატუსს, ეს დიდწილად დამოკიდებულია ამ ადამიანის ძალისხმევაზე. ამდენად, ჩემთვის გამაოგნებელია ზოგიერთი ოპოზიციონერი რომ დგას და ოლივერ ვარჰეის აკრიტიკებს. თან ძალიან პოზიტიურ რაღაცებს ამბობს. ეს ადამიანი გვეუბნება, რომ წკიპზე ვართ და მზად არიან, ამაში დაგვეხმარონ. ამ დროს ვეუბნებით, როგორ კადრულობს ასეთ რაღაცას? როგორც ჩანს, ვიღაცას არ უნდა, რომ ევროკავშირში მიგვიღონ. დავიმახსოვროთ, ევროკავშირის სტატუსს არ მიიღებს ან დაკარგავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მას მიიღებს ან დაკარგავს ხალხი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.