ძალიან კარგად მიდის ეს პროცესები „ნაცმოძრაობაში“, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და ხელსაც შევუწყობთ ამ პროცესების ასე განვითარებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნაცმოძრაობა“ აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას, რაც ძალიან კარგია. საბოტაჟიც იყო თვითგანადგურება. დღეს რა პროცესებიც ვითარდება, ოლიგარქიული გავლენები და ა.შ. ესეც არის თვითგანადგურება. როცა პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ, ესეც თვითგანადგურებაა. ძალიან კარგად მიდის ეს პროცესები „ნაცმოძრაობაში“. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და ხელსაც შევუწყობთ ამ პროცესების ასე განვითარებას,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს - ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ დეკანოიძე სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება. როგორც მელიას, ისე ხაბეიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნები, მიუხედავად შედეგისა, პარტიის ორად გაყოფის მიზეზი არ გახდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.