გადაცემა „ჟურნალისტის დღიურის“ ჟურნალისტმა იასე ცინცაძემ „იმედის“ ეთერში გასული „მოდელირებული ქრონიკის“ გამო პროტესტის ნიშნად არხი დატოვა.
როგორც „მთელ კვირასთან“ საუბრისას იასე ცინცაძე აცხადებს, მისთვის მიუღებელია ისეთი ფორმით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, როგორც პარასკევს მოხდა.
რატომ დატოვეთ ტელეკომპანია „იმედი“?
- არ შეიძლება, ტელევიზია იქცეს პროპაგანდის მანქანად. მედია პანიკას უნდა კლავდეს და არა პირიქით - აძლიერებდეს. მსგავსი რეპროდუქციები კეთდება კორეაში და ასეთი ტიპის ქვეყნებში და ეს არის გრუ-ს მეთოდები. არ შეიძლება, მსგავსი რამ გაუკეთო საკუთარ ხალხს. როდესაც მსგავსი ფაქტი მოხდა ამერიკაში თითქმის საუკუნის წინ, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი იყო უცხოპლანეტელებზე და ა. შ. მის ავტორსაც კი უჩივლეს.
მე ამ შემთხვევაში საუბარი არ მაქვს პოზიციაზე ან ხელისუფლებაზე., მე, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, ვამბობ, რომ არ შეიძლება, ასე უხეშად ერეოდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
„იმედის“ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა და არა მიზანმიმართული პროპაგანდა, თქვენ როგორ ფიქრობთ?
- არის გარკვეული პატარა წრე ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, თავის ჭკუაზე ატარონ საზოგადოება, რას არის დაუშვებელი. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს პრინციპული და არ შეიძლება, ყველაფერზე წავიდეს. არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო.
თუ იყო ადრე მცდელობა, რომ მსგავსი გადაცემა გაკეთებულიყო ან თქვენ თუ გქონიათ შემოთავაზება ამ პროექტში მონაწილეობაზე?
- მე ასეთი რამ არ მქონია, რადგან „იმედის“ შიდა სამზარეულოში ყველაზე ნაკლებად ვიხედები. მე, როგორც მოქალაქე, აღშფოთებული ვარ და ის, რაც გავიდა „იმედზე“ არის შეურაცხყოფა, სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.