„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამას იორმუღანლოს თემის ფერმერები გაეცნენ

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამას იორმუღანლოს თემის ფერმერები გაეცნენ

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს პირველმა მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, იორმუღანლოს თემის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები და მონაწილეობის პირობები გააცნო. შეხვედრა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ჩართულობით მომზადდა.

პროგრამაში მონაწილეობა დაინტერესებულ ფერმერებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრებით 3-წლიანი იჯარით ისარგებლონ.

სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა. საძოვრების აუქციონის გზით იჯარით განკარგვის უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებთაც საკუთრებაში ჰყავთ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი, ხოლო ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა.

დღეის მდგომარეობით, ხუთ ეტაპად უკვე გამოქვეყნებულია 317 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები სულ 37402 ჰექტარი. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში აუქციონის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია 196  საძოვრის შესახებ მონაცემები, რომლის საერთო ფართობი 25549 ჰექტარია.