დამტკიცდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ „ქოლცენტრებზე“ გაკეთებული ასობით თუ არა ათობით სიუჟეტი იყო თავდაცვის მექანიზმი, რომ ტრანსნაციონალური გამოძიება კონკრეტულ კვალზე არ გასულიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სად მიდის კვალი, ამასაც რომ თავი დავანებოთ, მახსენდება, "ნაცმოძრაობის" ტელევიზიების მიერ ასობით თუ არა ათობით გაკეთებული სიუჟეტი, რომელიც დღეს დამტკიცდა და აღმოჩნდა, რომ იყო თავდაცვის მექანიზმი, რომ ტრანსნაციონალური გამოძიება კონკრეტულ კვალზე არ გასულიყო. დღეს უკვე არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ გარდა იმ მიზნისა, რომ ხელისუფლება დაეზიანებინათ, ეს ყველაფერი ვის არ დააბრალეს, რომელ ცნობილ ადამიანს არ დააბრალეს ისეთს, რომ შემდეგ "ქართული ოცნებისკენ" წასულიყო ეს ისრები, რათა დაეზიანებინათ ერთი მხრივ სახელმწიფო და მმართველი პარტია, მეორე მხრივ კი, თურმე, თავს იცავდნენ კონკრეტულ გვარზე გასვლისგან. მაგრამ როგორც ჩანს, დაუფარავი არაფერი რჩება, ტრანსნაციონალური გამოძიება გავიდა კონკრეტულ კვალზე, რომელიც გამორიცხავს იმას, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ კატეგორიულად და ადასტურებს, რომ მათ მიერ გაკეთებული ყველა სიუჟეტი იყო თავდასხმა თავდაცვისთვის“, - აღნიშნა მდინარაძემ.