ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) 8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წინასწარ დასკვნებს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნო მოხელეები ზოგადი ნდობით სარგებლობდნენ, თუმცა შემაშფოთებელია საარჩევნო თანამდებობის პირების ოფისების პოლიტიზება და საარჩევნო მუშაკების დაშინება.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთ შტატში საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდვები ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს.
„შემაშფოთებელი იყო შევიწროება, მუქარა და ძალადობის შემთხვევები კანდიდატების, მათი ოჯახებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ, ისევე როგორც ამომრჩეველთა დაშინება. ზოგიერთ შტატში, საარჩევნო მუშაკების მიმართ მუქარამ შექმნა პრობლემები პერსონალის დაქირავებისა და შენარჩუნების კუთხით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ატმოსფერო იმ საარჩევნო უბნებში და მის გარშემო, რომლებსაც არჩევნების დღეს დამკვირვებლები ეწვიენ, მშვიდი და მოწესრიგებული იყო და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ ძალადობის მუქარის შემთხვევები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც იმყოფებოდნენ.