ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) 8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წინასწარ დასკვნებს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია.
„კონგრესში შუალედური არჩევნები, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართა, კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობით. თუმცა, აღინიშნა მცდელობები საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობის შელახვის მიზნით, რამაც სისტემური გამოწვევები შეიძლება გამოიწვიოს. [საარჩევნო] კამპანია თავისუფალი იყო, თუმცა უაღრესად პოლარიზებული იყო და ხისტი რიტორიკით გამოირჩეოდა. ხშირ შემთხვევაში, [საარჩევნო ოლქების] პარტიულმა გადანაწილებამ არაკონკურენტული ოლქების შექმნა გამოიწვია“, - ნათქვამია ანგარიშში.
ეუთო/ოდირის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჟღავნების მექანიზმები ზოგადად ყოვლისმომცველია, თუმცა მარეგულირებელ ჩარჩოებში არსებული ხარვეზები პოლიტიკაში ფულის ზემოქმედებას ნაკლებად გამჭვირვალეს ხდის.
„მრავალფეროვანი მედიის ბევრი წარმომადგენელი ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა, თუმცა პოლარიზაციამ და ფართოდ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე ინფორმაციის მიღების კუთხით“, - ნათქვამია დასკვნაში.
„საარჩევნო მოხელეები ზოგადი ნდობით სარგებლობდნენ, თუმცა შემაშფოთებელია საარჩევნო თანამდებობის პირების პოლიტიზება და საარჩევნო მუშაკების დაშინება. ზოგიერთ შტატში საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდვები ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.