იმაზე საუბარი, რომ საქართველო იყენებს უკრაინაში შექმნილ მძიმე სიტუაციას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე არის აბსურდი და მორიგი ძალიან მძიმე და ბინძური ბრალდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
„უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესიის პირველივე დღიდან ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ამ ფაქტორის ქვეყნის დასაზიანებლად გამოყენებას. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოში ჯერ კიდევ მაშინ დაფიქსირდა, როდესაც უკრაინაში რუსული აგრესია დაწყებული არ იყო. როცა საუბარია იმაზე, რომ გარკვეული სავაჭრო ზრდა არის რუსეთთან, აქ პირველ რიგში ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებსაც, რომლებმაც სხვა და სხვა მიმართულებით რუსეთს სანქციები დაუწესეს, აქვთ ძალიან დიდი ზრდა სავაჭრო ურთიერთობაში რუსეთთან. იმაზე საუბარი, რომ საქართველო იყენებს უკრაინაში შექმნილ მძიმე სიტუაციას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, არის აბსურდი და მორიგი ძალიან მძიმე და ბინძური ბრალდება“,- აღნიშნა მიქანაძემ.