„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინიციატივა იყო, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა და კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა დონის არჩევნები ჩატარებულიყო.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ნომერ პირველი მსჯელობის საგანი ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიის სამოქმედო გეგმაა და ასეთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის მიერ პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარების მოთხოვნა „ცოტა უცნაური და დასანანია“.
„ნაციონალური მოძრაობის" შიგნით რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელოს საქმიანობა პარტიამ და მთავარი საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა იქნება. პირველადი მონაცემებით, ეს უმძიმესი დასკვნა იქნება, შემდგომ იქნება შუამდგომლობა და იქნება სასამართლო გადაწყვეტილება. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავარი საფიქრალი ეს იყო, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ამასთან დაკავშირებით. ამაზე იყო მთელი პარტია ორიენტირებული.
ამავე დროს, ამავე შეხვედრაზე, ძალიან მკაფიოდ იყო დაფიქსირებული, რომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნებოდა და კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები - თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსი, სამდივნოსი და ეს პირველ რიგში, ნიკა მელიას ინიციატივა იყო. ნიკა მელია ამ შეხვედრებზე ძალიან საჯაროდ საუბრობდა და არა მარტო შეხვედრებზე, გადაცემებში, ტელევიზიებშიც საჯაროდ ნათქვამი აქვს, რომ დიახ, არჩევნები აუცილებელია, ოღონდ გააჩნია პერიოდს“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.