მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოსთვის დაწესებული 6-თვიანი ვადა იყო არა ევროინტეგრაციის გზაზე მიზნის მისაღწევად, არამედ ის ხელისუფლებისთვის ხაფანგს წარმოადგენდა.
გადაცემა „იმედი LIVE“-ში ხუნდაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „მოახდენენ საქართველოში ძალის პროეცირებას“.
ხუნდაძის თქმით, ის, რომ საქართველო ისტერიული მცდელობების მიუხედავად, მშვიდობას ინარჩუნებს, ეს მეტწილად საზოგადოების დამსახურებაა.
მისივე განმარტებით, საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების მსურველები ზეწოლას სწორედ ემოციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილზე ახდენდნენ. ამდენად, პირველ ეტაპზე, იყო მცდელობა ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ.
„მიწოდებული იყო თემა - გინდათ თუ არა დასავლური ღირებულებები. ამ ემოციების უკან იყო ის მცდელობები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი თანამოაზრეების წარმოჩინება. ასევე, აქ იყო ჩადებული ის, რომ ეს ემოცია პიკში აეყვანათ.
დავალებისთვის დაწესებული 6-თვიანი ვადა, რომელიც არავითარ შემთხვევაში საკმარისი არ იქნებოდა და შემდეგ დასავლეთმა თავად შეცვალა, რადგან ჩვენ ეს ღიად გამოვიტანეთ - ეს იყო არა ამ მიზნის მისაღწევად, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის ნაწილი გავმხდარიყავით, არამედ იმისთვის, რომ ეს იყო ხაფანგი - ეს დავალება ვერ შეგვესრულებინა და შემდეგ საზოგადოების წინაშე ღიად ვერ წარვმდგარიყავით და ეს ხელისუფლებას დაბრალდებოდა. დაიწყებოდა ხელისუფლების ცვლილების აქტიური პროცესი. და რატომ უნდა შეცვლილიყო ხელისუფლება? რადგან იგი არ ასრულებს გარე დაკვეთებს. ამის შემსრულებელი არის მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ხუნდაძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.