„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მისი თქმით, ბავშვი აპარატიდან მოხსნეს და მან თავის მშობლებთან კომუნიკაცია შეძლო.
ექიმის განცხადებით, ყველაზე რთულმა 24-მა საათმა ჩაიარა, თუმცა გართულებების საშიშროებები ჯერ კიდევ რჩება და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
„ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა. არის სპონტანურ სუნთქვაზე. შემოდის კონტაქტში. თავის მშობლებს უკვე დაეკონტაქტა. გართულებების საშიშროება ჯერ ისევ რჩება, რადგან იყო იქ ასპირაცია, 72 საათი ჯერ არ გასულა, თუმცა პირველი 24 საათის განმავლობაში ის ცუდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ანოქსიური დაზიანება მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა“, - განაცხადა დავით ციბაძემ.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.