საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დასმენების პოლიტიკამ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ ბანკროტამდე მიიყვანა. ასე გამოეხმაურა ის „ნაცმოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლის გაუქმება განიხილება.
„ნაცმოძრაობა“, გარდა იმისა, რომ შედგება რადიკალებისგან და უსამშობლო ადამიანებისგან, ასევე შედგება დასმენებში დაოსტატებული ხალხისგან. ამ დასმენების პოლიტიკამ ეს ადამიანები პოლიტიკურ ბანკროტამდე მიიყვანა. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის დამაზიანებელ საკითხებზე ცდილობენ საუბარს“, - აცხადებს იონათამიშვილი.
ლევან ხაბეიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრების დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ევროპელი კანონმდებლები აქცენტს აკეთებენ უვიზო მიმოსვლის გაუქმებასა და კონკრეტული პირების სანქცირებაზე.