მართალია, ხალხის რჩეულმა ბ-ნმა თორთლაძემ ედუარდ-ჯაყოს შეუთვალა, მე ჩავჯდები დაკავებული ქართველი ბავშვების სანაცვლოდო, მაგრამ სახელად ჩვენს, სახრავად კი სხვის ჯაყოს ყურიც არ შეუბერტყავს (შესაძლოა, იმიტომაც, რომ ჯარისკაცებს გენერლებზე არ ცვლის).
მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ამბავს ბ-ნი თორთლაძისთვის გული ისეც არ გაუტეხავს, რომ „პატრიოტის აქტი“ დავიწყებოდა. ჰოდა, რაკი ახსოვს, „ვისი გორისაა“, კოლეგებს კიდევ ერთხელ შესთავაზა მისი მიღება (ახლა უკვე დასრულებული სახით).
ყოფილი მთამსვლელი განმარტავს, რომ „პატრიოტის“ ამერიკულმა „აქტმა“ ოდენ მუზები აუშალა (ოკეანისგაღმა ის 11 აგვისტოს ტერაქტის შემდეგ მიიღეს), თორემ მისი ქართული ანალოგი სრულადაა მორგებული ქართულ რეალობას და მიზანიც დიადი და ნათელია: „შიდა და გარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა!“. ქართულმა ელმედიამ გვამცნო, რომ უმცირესობის ლიდერმა აგერ უკვე მესამედ მიაპყრო საზოგადოების ყურადღება „პატრიოტის აქტის“ ცხოვრების წესად ქცევის აუცილებლობას.
იმის გარდა, რომ გასამდა, ისიც საინტერესოა, რომ საპარლამენტო უმცირესობა უმცირესობაა, მაგრამ მისი მთავარი ღირსება მაინც ის არის, რომ ყველა ლიდერია (ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა). ქართული „აქტის“ ინიციატორი გვპირდება, რომ „ამერიკულისგან“ განსხვავებით, ჩვენთან ძალოვანები ბინას მფლობელის გაუფრთხილებლად არ გაჩხრეკენ და არც ელექტრონულ ფოსტას შეამოწმებენ, არც სატელეფონო მოსმენების პროცედურას გაამარტივებენ და არც ძალოვანებს გაუფართოებენ უფლებებს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი თანამემამულე ძალოვანებისთვის ზემოჩამოთვლილი პრობლემას არც „უაქტოდ“ წარმოადგენს, ჩნდება ეჭვი, რომ „პატრიოტის აქტის“ მიზანი ძალოვანთა უფლებების შეზღუდვაა (თუმცა ისიცაა, არც ჩვენ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, ეს ეჭვები დავიჯეროთ).
ასეა თუ ისე, საქმეს ისეთი სუნი უდის, რომ ბ-ნი თორთლაძე თანამედროვეობის დადიანია ამერიკული „კეტჩუპით“!