წინა კვირას ქალბატონი ნანი ბრეგვაძე გავაკრიტიკე იმის გამო, რომ პრიმაკოვის იუბილეზე იმღერა. გაზეთ "კვირის პალიტრის" საიტზე (kvirispalitra.ge) ამ საკითხს ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ჩემს აზრს იზიარებდა, ზოგიც არა. მე ორ საწინააღმდეგო აზრს გაგაცნობთ:
1. მაჩაბელი: - რაც შეეხება ნანის, მომღერალია და არა პოლიტიკოსი. სიმღერამ კი მტერი და მოყვარე არ იცის, ჩემო კარგო... არც საზღვრები იცის სიმღერამ, მით უმეტეს, კარგმა სიმღერამ. რა გსურთ? დადგეს ნანი ბრეგვაძე და რუსეთს აგინოს?
2. მარინა: - ვერ დაგეთანხმებით, ნანი ბრეგვაძეს როგორ აუკრძალავთ სიმღერას თუნდაც რუსეთში. და საერთოდ, როგორ შეიძლება ასე ცალსახად მტრის ხატის შექმნა ყველაფრისგან.
ეს ის თემაა, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება კამათის საგანი საქართველოში. მანამდე ერთს ვიტყვი: ვფიქრობ, დადგა დრო, საქართველოში გავაცნობიეროთ, რომ კრიტიკა ყველასი შეიძლება. და კრიტიკა არ ნიშნავს მტრის ხატის შექმნას. ამ თემაზე მეც მაქვს ჩემი აზრი და ვფიქრობ, სიმღერამ არა, მაგრამ მომღერალმა უნდა იცოდეს მტერი და მოყვარე.
ამ თემას თავიდან არ მივუბრუნდებოდი, რომ არა კიდევ ერთი გამაოგნებელი აღმოჩენა, რომელიც ამ კვირაში გავაკეთე. პოპულარულ საიტ Youtube-ზე თამარ გვერდწითელის ვიდეოჩანაწერებს ვათვალიერებდი. ჯერ მის მიერ 2008 წლის 9 მაისს შესრულებულ სიმღერას წავაწყდი, რომელიც ჯარისკაცებს ეძღვნებოდა. ვიფიქრე, ჯანდაბას, უმღეროს გამარჯვების დღეს რუს ჯარისკაცებს. ეს ხომ აგვისტოს ომამდე იყო-მეთქი.
მერე 2009 წლის ჩანაწერები ვნახე. 2009 წელსაც უმღერია 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტზე თამარ გვერდწითელს ისევ რუსი სამხედროების წინაშე. თავი დავიმშვიდე: მაინც საერთო ომი იყო და ამ ომში ქართველებიც ხომ მონაწილეობდნენ-მეთქი. მაგრამ ბოლოს ისეთ რამეს წავაწყდი, მივხვდი, თავს ვერაფრით დავიმშვიდებდი და ვერც თამარ გვერდწითელს დავინდობდი, თუნდაც ვინმემ მტრის ხატის შექმნა დამაბრალოს.
2009 წლის 23 თებერვალს, რომელიც ჩემს ბავშვობაში საბჭოთა არმიის დღე იყო, თამარ გვერდწითელი რუს ჯარისკაცებს უმღერის ბრეჟნევის საყვარელ სიმღერას "ადნა პაბედა", გახსოვთ, ალბათ ამ პოპულარული სიმღერის ტექსტი: "ნამ ნუჟნა ადნა პაბედა..." და ა. შ. კარგი, გასაგებია, რომ სიმღერას ვერავის აუკრძალავ, გასაგებია, რომ თამარ გვერდწითელი რუსეთში ცხოვრობს და პურს იქ ჭამს, გასაგებია, რომ მისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება, რუსეთ-საქართველოს ომიდან ექვს თვეში, ანუ ექვსი თვის შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა ქართველი ბიჭები ხოცეს, რუსი სამხედროების დღესასწაულზე არ უმღეროს მათ "ნამ ნუჟნა ადნა პაბედა"?
ჩვენ ნანი ბრეგვაძეს იმას კი არ ვსაყვედურობთ, რომ რუსეთში იმღერა, არამედ უპირველესად იმას, რომ პუტინისა და პრიმაკოვის წინაშე იმღერა. გასაგებია, ფულს ამაში გიხდიან, მაგრამ ხომ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის უფლებაც საკუთარ თავს არ უნდა მისცე?
მინდა იმათ, ვინც ქართველი მომღერლების კრიტიკის გამო მსაყვედურობს, ვურჩიო, - აჩვენონ თამარ გვერდწითელის რუსი სამხედროების წინაშე ნამღერი, "ნამ ნუჟნა ადნა პაბედა" ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დედებს და მერე ვნახავ, როგორ ილაპარაკებენ, სიმღერამ მტერი და მოყვარე არ იცისო!