მათ არ მოვწონვარ, რადგან შავკანიანი ვარ — კალებ მაკლაფლინი Stranger Things-ის ფანების რასიზმზე საუბრობს

მათ არ მოვწონვარ, რადგან შავკანიანი ვარ — კალებ მაკლაფლინი Stranger Things-ის ფანების რასიზმზე საუბრობს

Stranger Things უდავოდ არის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალი. 2016 წელს დაწყებულმა პროექტმა მალევე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და მაყურებლის სიყვარული, მასში მონაწილე ახალბედა მსახიობები კი ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ.

იმის მიუხედავად, რომ სერიალის მთავარ გმირებს პირველ სეზონში 10-დან 14 წლამდე მოზარდები ასრულებდნენ, მსახიობებს დღეს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ, მათთან შესახვედრად კი ყოველთვის გრძელი რიგები დგას ხოლმე.

თუმცა, როგორც ჩანს, სერიალმა ყველას ერთნაირად არ მოუტანა პოპულარობა. Stranger Things-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი, კალებ მაკლაფლინი, პირდაპირ საუბრობს, თუ როგორ აისახა მასზე სერიალის ფანდომში რასისტული განწყობები.

კალები 14 წლის იყო, როცა Stranger Things-ის პირველ სეზონში მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ იგი სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირს, ლუკასს, ასახიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველა სეზონზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მაყურებლისგან ისეთი მხარდაჭერა არ უგრძნია, რამხელაც მის კოლეგებს.

მთავარი გმირების შემსრულებელ მსახიობებს შორის კალებს სოციალურ ქსელებში ყველაზე ნაკლები გამომწერი ჰყავს. 20 წლის მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ ფანებთან შეხვედრებისას მასთან რიგი თვალშისაცემად უფრო მოკლეა.

"ჩემს პირველ Comic-Con-ზე ზოგიერთს ჩემთან შეხვედრა იმიტომ არ სურდა, რომ შავკანიანი ვიყავი", — იხსენებს კალები, — "ზოგმა კი მითხრა, ილევენს ცუდად მოექეცი და ამიტომ არ მინდა შენთან შეხვედრაო. ახლაც კი, ზოგიერთი იმიტომ არ მიწერს სოციალურ ქსელებში ან არ მიჭერს მხარს, რომ შავკანიანი ვარ".

კალები დასძენს, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმებიან მისი მშობლებიც.

"ოკეანისმიღმეთში ზოგჯერ იგრძნობ რასიზმს", — ამბობს ბელგიაში მყოფი მსახიობი, — "ფანატიზმსაც იგრძნობ, ეს კი ხანდახან რთულია სალაპარაკოდ და გასაგებად".

კალების თქმით, წინათ ეს დამოკიდებულება მასზე მოქმედებდა და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმას იწყებდა.

"ვფიქრობდი, რატომ მოვწონვარ მათ ყველაზე ნაკლებად ან რატომ მყავს ყველაზე ნაკლები გამომწერი, მე ხომ, სხვების მსგავსად, პირველივე სეზონიდან ვარ ამ სერიალში-მეთქი", — იხსენებს მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ კალებზე ბევრად მეტი გამომწერი ჰყავს სეიდი სინკსაც, რომელიც სერიალს გვიან შეუერთდა.

თუმცა, კალების თქმით, თავად აპირებს, რასისტულ დამოკიდებულებებს სიყვარული და პოზიტივი დაუპირისპიროს.

"არ ვაპირებ, ისინი შევიძულო, ვისაც მე ვძულვარ", — ამბობს იგი.

აღსანიშნავია, რომ მსახიობის განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა Stranger Things-ის გულშემატკივრებში. ზოგიერთმა ისიც აღნიშნა, რომ სერიალში ანტიგმირისა და რასისტი პერსონაჟის შემსრულებელ თეთრკანიან მსახიობსაც კი კალებზე მეტი მხარდაჭერა აქვს ფანებისგან.