მე ცოლთან ყველაფერი რიგზე მაქვს — ადამ დევინი, რომელიც ადამ ლევინში ეშლებათ

მე ცოლთან ყველაფერი რიგზე მაქვს — ადამ დევინი, რომელიც ადამ ლევინში ეშლებათ

ადამ ლევინისა და სამნერ სტროს პირადი მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ, Maroon 5-ის მომღერალი ერთადერთი ადამიანი არაა, რომელიც სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრში მოექცა. მსახიობ ადამ დევინის თქმით, სახელისა და გვარის მსგავსების გამო, ბოლო პერიოდში ის ადამ ლევინში ხშირად ეშლებათ, თუმცა მას ცოლთან ყველაფერი რიგზე აქვს.

Righteous Gemstones-ის მსახიობმა ადამ დევინმა ინსტაგრამზე ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადამ ლევინი არ არის. "მე და ჩემი ცოლს, ქლოი ბრიჯს ყველაფერი რიგზე გვაქვს. მე ადამ ლევინი არ ვარ, ის სხვა ბიჭია და უარესი მომღერალი, თუმცა მე და ჩემი ცოლი მომავალ ბავშვს სამნერს ვარქმევთ", — ასე იხუმრა ადამ დევინმა ინსტაგრამის ფოტოს აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ Maroon 5-ის ვოკალისტი, ადამ ლევინი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მოდელმა სამნერ სტრომ TikTok-ზე განაცხადა, რომ მომღერალთან ერთწლიანი რომანი ჰქონდა და თან პირადი მიმოწერაც გაასაჯაროვა. სტროს თქმით, დაშორების შემდეგ ადამმა ისევ მისწერა და მომღერალმა შეატყობინა, რომ მალე შვილი ეყოლებოდა და მისთვის სამნერის დარქმევა სურდა.

სამნერ სტროს გარდა ადამ ლევინთან ურთიერთობა კიდევ ერთმა მოდელმა, ელისონ როუზმაც გაასაჯაროვა. როუზმა მომღერალთან მიმოწერის "სქრინები" გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნა, რომ რომანი არ ჰქონდათ და ლევინს არასდროს შეხვედრია.

სტროს მიერ გამოქვეყნებული სქირნების შესახებ ადამ ლევინმა კომენტარი უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოდელთან რომანი არ ჰქონია, თუმცა მიმოწერაში ზღვარს გადასცდა. "რომანი არ მქონია, თუმცა ჩემი ცხოვრების მძიმე მომენტში ზღვარს გადავაბიჯე. ჩემი ცოლი და ოჯახი ერთადერთია, რაც ამ სამყაროში მაღელვებს. სულელი და გულუბრყვილო ვიყავი, როცა ერთადერთი რამ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რისკის ქვეშ დავაყენე. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც კი ოდესმე შემეძლო დამეშვა. ამას არასდროს გავიმეორებ და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ჩვენ ამას ერთად გადავლახავთ", — წერს ადამ ლევინი.